რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი ნანობს, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველო არ დაიპყრო და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს დღეს სომხეთთან პრობლემები არ ექნებოდა.
25 თებერვლის გადაცემაში, რომელშიც სომხეთ-რუსეთის გაუარესებულ ურთიერთობებს განიხილავდნენ, სოლოვიოვმა განაცხადა:
„იცით, არ იქნებოდა სომხეთში არანაირი პრობლემა, 2008 წელს რომ არ გავჩერებულიყავით. მოვაგვარებდით საქართველოს პრობლემას, გვექნებოდა სახმელეთო საზღვარი სომხეთთან და იქ სულ სხვა ცხოვრება იქნებოდა“.
„არ იქნებოდა საზღვარი არც საქართველოსთან და არც სომხეთთან. [იქნებოდა ისე], როგორც უნდა იყოს“, – უპასუხა მას კოლეგა-პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, რასაც სოლოვიოვიც დაეთანხმა.
ბოლო დროს სომხეთი სულ უფრო და უფრო ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას. ცოტა ხნის წინ სომხეთმა გაყინა თავისი წევრობა „ოდკბ“-ში, რუსეთის მიერ შექმნილ თავდაცვით ორგანიზაციაში. აგრეთვე, ერევანი შეუერთდა ჰააგის სასამართლოს. ამ ყველა ნაბიჯმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. უახლეს ანგარიშში რუსეთის საგარეო უწყების შექმნილმა ფონდმა სომხეთის ირგვლივ რუსი ექსპერტების „განგაშზე“ განაცხადა.