ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთავრობის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან მაგისტრალური გაზსადენი შენდება

27 თებერვალი, 2024 • 940
მთავრობის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან მაგისტრალური გაზსადენი შენდება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლში, სოფელ ნადარბაზევთან, საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს „აღმოსავლეთ-დასავლეთის” მაგისტრალური გაზსადენის “ლეხურა-სვენეთის” 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, ახალი გაზსადენი ექსპლუატაციაში 2024 წლის მეორე ნახევარში შევა.

სამინისტროს განმარტებითვე, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც უშუალოდ გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებული დასახლებების, ისე მთლიანად საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალ მილსადენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ის საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს გადის და მისი მეშვეობით საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

“მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო – სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყნის გაზის ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აცხადებს ჩიქოვანი.

მისი თქმით, კორპორაცია აგრძელებს გაზის ტრანსპორტირების სისტემის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ქსელის განვითარების 10 – წლიანი გეგმის შესაბამისად, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსის ზვიად ზვიადაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს.

„ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ყოველდღე საქმის კეთება მკაფიო გზავნილია გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რათა დაინახონ განსხვავება იმას შორის, რაც ჩვენთან ხდება და რაც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ამ ყველაფრისთვის თითოეულ ადამიანს, ვინც აქაა დასაქმებული, მინდა მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ზვიადაძემ.

ოფიციალური ცნობითვე, “ლეხურა-სვენეთის” 20.5 -კმ-იანი მშენებარე მილსადენი ჩაანაცვლებს უკვე არსებულ მოძველებულ მონაკვეთს და ახალ ტერიტორიებსაც მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი