ახალი ამბები

ფონ დერ ლაიენი და სხვა მსოფლიო ლიდერები კიევში ჩავიდნენ

24 თებერვალი, 2024 • 1205
ფონ დერ ლაიენი და სხვა მსოფლიო ლიდერები კიევში ჩავიდნენ

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე, კიევში ოთხი სახელმწიფოს ლიდერი ჩავიდა.

ახლა, უკრაინის დედაქალაქში არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბელგიის პრემიერი ალექსანდრ დე კრო, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო.

„ისე, როგორც არასდროს, მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედროდ და მორალურ, სანამ უკრაინა თავისუფალი არ იქნება“, – წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე.

Kyiv Independent აღნიშნავს, რომ კიევიდან მელონი გაუძღვება ვიდეოკონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებენ.


რუსეთმა ორი წლის წინ წამოიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. კრემლში ამას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ.

გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 10 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი.

ორწლიანი ომის შემდეგ, მოსკოვმა მოახერხა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და 2022 წლის ე.წ. „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინის რამდენიმე ოლქი თავის ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა არაერთი მიმართულებიდან, – მაგალითად, კიევისა და ხარკოვის, – უკან დახევა მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი