ახალი ამბები

ჩვენ ვიყავით შთაგონების წყარო ნავალნის ანტიკორუფციული მოძრაობისთვის — სააკაშვილი

21 თებერვალი, 2024 • 613
ჩვენ ვიყავით შთაგონების წყარო ნავალნის ანტიკორუფციული მოძრაობისთვის — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ავლებს პარალელს საკუთარ თავსა და რუსეთის ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის შორის, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ციხეში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ნავალნის შესახებ სააკაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქმეზე სასამართლო პროცესზე ჩართვისას, დღეს, 21 თებერვალს, ისაუბრა. მან თქვა, რომ თავად არის მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო.

„ყველამ იცის, რომ ასამართლებენ არა მხოლოდ ივანიშვილის მთავარ ოპონენტს, არამედ პუტინის მთავარ ოპონენტს ამ რეგიონში. საკმარისი იურიდიული განათლება მაქვს მიღებული და ვიცი, ბრალდებულს არ შეიძლება, ნივთმტკიცებულებები ჰქონდეს თან. ნივთმტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში. დღეს „პიჯაკების საქმის“ პროცესზე მე სპეციალურად ჩავიცვი პიჯაკი — ერთ-ერთი ნივთმტკიცებულება, რომელიც არცერთ შემთხვევაში მე არ უნდა მქონდეს.

ეს პიჯაკები რომ მაქვს, მიუთითებს, რამდენად სასაცილო და თეთრი ძაფებითაა შეკერილი ეს საქმე. ჩემი მთავრობა იყო ყველაზე არაკორუმპირებული არა მხოლოდ საქართველო ისტორიაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვიყავით შთაგონების წყარო ანტიკორუფციული მოძრაობებისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ნავალნის ანტიკორუფციული მოძრაობისთვის. ის ამას არც მალავდა, ჩემთან მიმოწერაში იმყოფებოდა“, — განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის მტკიცებით, ნავალნიმ სწორედ მასთან მიმოწერის შემდეგ მოიხადა ბოდიში 2008 წლის ომთან დაკავშირებული განცხადების გამო.

„თავის ციხის კამერიდან გამოხატავდა სოლიდარობას ჩემ მიმართ. მანამდე მოკლეს პოლიტკოვსკაია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი; ნემცოვი, რომელთანაც ძალიან ბევრი უთანხმოება მქონდა, მაგრამ ვმეგობრობდით; ახლა ნავალნი… პუტინმა ასევე საჯაროდ გამოთქვა სურვილი, ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილით. თავიდანვე დაიმუქრა, რომ მოვხვდებოდი ციხეში და აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად. როდესაც ნავალნიზე საუბროდა პუტინი, ფიქრობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა ,— ჩემი უშუალო „შეფი“, — სააკაშვილი და ნავალნი იყვნენ პუტინის ნომერ პირველი მტრები. ერთი მოიშორა, მეორე მის ხელშია — საქართველოს პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით ყველაფერი კონტროლდება რუსული სპეცსამსახურის მიერ. თუმცა მტრის ჯინაზე ვაპირებ ბრძოლას სიცოცხლისთვის“, — განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი მთავრობა იყო შთაგონების წყარო დასავლეთ ევროპაში და ამერიკაშიც.

„ჰილარი კლინტონი საუბრობდა იმაზე, როგორ ეფექტურად ვებრძოდით კორუფციას და ამაზე ლექციებსაც კითხულობდა ისრაელში და საბერძნეთში. მსოფლიო ბანკმა გამოსცა წიგნი, როგორ ეფექტურად ებრძოდა საქართველო კორუფციას. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა კორუფციის პრობლემაზე კი არ გამოსცა, არამედ როგორ ებრძოდა ვინმე. ამ ყველაფრის მერე თქვენ გინდათ მომისაჯოთ გაფლანგვაზე და კორუფციაზე? სინდისიც ხომ კარგი საქონელია. თქვენს წინაშე არის ადამიანი, რომელიც იყო და არის მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და მისი გასამართლება არა მარტო ჩემი, არამედ ქართველი ხალხის და მთელი მსოფლიოს დაცინვაა“, — განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა იკითხა, რატომ არ არის მისი ხარჯები გასაიდუმლოებული მაშინ, როცა გასაიდუმლოებულია დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ხარჯები.

მასალების გადაბეჭდვის წესი