ახალი ამბები

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან მატარებლიდან უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს

20 თებერვალი, 2024 • 1941
პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან მატარებლიდან უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს

პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის დამაკავშირებელ მედიკა-შეჰინის სასაზღვრო პუქნტთან მატარებლიდან მარცვლეული გადმოყარეს, რითაც სარკინიგზო ლიანდაგი გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული და პოლონური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

აქციის მონაწილეებმა მედიკა-შეჰინთან რკინიგზა მხოლოდ 15 წუთით გადაკეტეს, შემდეგ კი გზატკეცილზე დაბრუნდნენ სატვირთო მანქანების მოძრაობის შეფერხების მიზნით. 

რადიო „თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციის მობილიზება შემთხვევის ადგილზე. 

მომიტინგე ფერმერებმა პოლონეთში გზების გადაკეტვაც დაიწყეს, რამაც გაართულა მოძრაობა რეგიონებში. 

20 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ პოლონეთის ხელისუფლებას მიმართა, რომ შეეფასებინათ მიმდინარე ბლოკადის კანონიერება და გადაედგათ ნაბიჯები ანტიუკრაინული რიტორიკისა და ქმედებების წინააღმდეგ. 

საპროტესტო აქციები პოლონეთში, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე თებერვალში დაიწყო, როდესაც პოლონელმა ფერმერებმა გააკრიტიკეს უკრაინული სოფლის მეურნეობის იაფი პროდუქტების იმპორტი და ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“.

„მწვანე შეთანხმების“ მთავარი მიზანი 2050 წლისთვის სათბურის აირების ემისიების შემცირებაა, ასევე, ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან. აღნიშნული მიდგომა, ფერმერების თქმით, იწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაძვირებას. 

უკრაინული მარცვლეულის იმპორტს, პოლონეთის გარდა, ევროპის სხვა ქვეყნებიც ეწინააღმდეგებიან. ისინი ამბობენ, რომ საწვავის გაძვირების ფონზე მათთვის სულ უფრო რთული ხდება იაფ უკრაინულ პროდუქციასთან კონკურენცია.

მთავარ ფოტოზე: პოლონელი ფერმერების აქცია გდანსკში. EPA-EFE/Adam Warzawa POLAND OUT

მასალების გადაბეჭდვის წესი