ახალი ამბები

სიკვდილის წინა დღეს ნავალნიც საიმედოდ გამოიყურებოდა – ხერხეულიძე სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს

20 თებერვალი, 2024 • 533
სიკვდილის წინა დღეს ნავალნიც საიმედოდ გამოიყურებოდა – ხერხეულიძე სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილმა მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის რისკი გაზარდა.

ამის შესახებ მან დღეს, 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ეკა ხერხეულიძემ პარალელი გაავლო ნავალნის სიცოცხლის ბოლო დღეებსა და მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და განაცხადა, რომ სიკვდილამდე ნავალნიც საიმედოდ გამოიყურებოდა. ამიტომ მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ გამბედაობა გამოიჩინოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, რათა საქართველო რეალური საფრთხისგან იხსნას.

„გავიხსენოთ 2012 წელი, როდესაც ამ ცივსისხლიან მკვლელს [პუტინს] მიხეილ სააკაშვილზე დაუსვეს კითხვა. მან ჟურნალისტს უპასუხა, შემახსენეთ, საქართველოში როდისაა არჩევნებიო. ეს იყო მისი პასუხი და ჩვენ ძალიან მალე ვდგავართ არჩევნების მიჯნაზე და, რა თქმა უნდა, პუტინის სურვილები არის დაუკმაყოფილებელი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა წარმოდგენა აქვს მიხეილ სააკაშვილზე და ქართული სამამულო ექსპერტების წიაღსვლებს. საერთაშორისო საზოგადოება სრულად აფასებს იმ რისკს და საშიშროებას, რომელიც მომდინარეობს. როდესაც პუტინი ღიად საუბრობს საკუთარ მტერზე, ჩვენი ოპონენტების შეხედულებები და მოსაზრება მიხეილ სააკაშვილზე რელევანტური და ანგარიშგასაწევი არ არის. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ის მტრად „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს აღიარებს. ამიტომ დღეს ვივამედში მყოფი სამიზნის მკვლელობის რისკი არის ძალიან რეალური. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის უკეთესად გამოიყურება, ვიდრე წინა პირობებში, მინდა შეგახსენოთ, რომ ნავალნი სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე დღეს საზოგადოებას ამცნეს, რომ ის თრომბით გარდაიცვალა. ჩვენ ამ საფრთხისგან არ ვართ შორს.

ამიტომ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს – ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი, ან თქვენი გამბედაობა… გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმწამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი