ახალი ამბები

თურქეთში, ოქროს მაღაროში, მეწყერი ჩამოწვა — ეძებენ 9 ადამიანს

14 თებერვალი, 2024 • 769
თურქეთში, ოქროს მაღაროში, მეწყერი ჩამოწვა — ეძებენ 9 ადამიანს

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მეწყერი ჩამოწვა. ჩამოწოლილი მიწის მასამ ოქროს მაღარო ჩახერგა, სადაც 9 ადამიანი იმყოფებოდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაღაროელებთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. როგორც თურქეთის შს მინისტრმა მედიასთან განაცხადა, მეწყერმა მაღაროდან ოქროს მოპოვებისას გამოტანილი მიწის მასაც დაძრა.

მისი თქმით, ადგილზე მუშაობს 400 მაშველი, პირველადი დახმარების პერსონალი ადგილზე ახლომდებარე რეგიონებიდან ჩაიყვანეს.

გეოლოგები შიშობენ, ციანიდის შემცველი მიწის მასა მდინარე ევფრატში არ მოხვდეს, რაც ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას შეუქმნის საფრთხეს. აღნიშნულთან დაკავშირებით თურქეთის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შენაკადი, რომელიც სტიქიის ზონიდან მდინარეში ჩაედინება, წყლის დაბინძურების თავიდან ასარიდგებლად გადაკეტეს.

მაღარო, რომელიც მეწყრის ქვეშ მოყვა, 2020 წელს მდინარე ევფრატში ციანიდის გაჟონვის გამო დაიხურა. აღნიშნული მდინარე თურქეთის გავლით სირიასა და ერაყში მიედინება. მაღარო 2022 წელს გაიხსნა მას შემდეგ, რაც გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, ოქროს მომპოვებელი კომპანია კი დააჯარიმეს.

ABC News წერს, რომ თურქეთსი მაღაროების უსაფრთხოების მაჩვენებელი დაბალია. კერძოდ, 2022 წელს ნახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 41 მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამთო მოპოვებასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ტრაგედია კი თურქეთში 2014 წელს მოხდა, შემთხვევას 301 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი