ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

13 თებერვალი, 2024 • 4286
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

13 თებერვალს, დილის 05:30 საათიდან, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სომხური მხარის ცნობითვე, ამ დროისთვის სომხური პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აღარ ისვრიან.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს პირველი ინციდენტია, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა.

საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმაც, რომლის თანახმად, მათი საპასუხო სროლა მოჰყვა სომხური მხრიდან ჩატარებულ ოპერაცია “შურისძიებას”.

“სომხური მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას, რომელიც მიმართული იქნება აზერბაიჯან-სომხეთის პირობით სახელმწიფო საზღვარზე მდგომარეობის გამწვავებისკენ, ამიერიდან უფრო სერიოზული საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება”, – ვკითხულობთ აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სომხური მხარე ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ინტერესში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება არ შედის და ის ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი