ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სროლა და მსხვერპლი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

13 თებერვალი, 2024 • 1296
სროლა და მსხვერპლი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხური მხარის განცხადებით, 13 თებერვალს, დილის 05:30 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს – დაიღუპა ორი სომეხი ჯარისკაცი, არიან დაჭრილებიც.

სომხური მხარის ცნობითვე, ამ დროისთვის სომხური პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აღარ ისვრიან.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ეს პირველი ინციდენტია, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა.

საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმაც, რომლის თანახმად, მათი საპასუხო სროლა მოჰყვა სომხური მხრიდან ჩატარებულ ოპერაცია “შურისძიებას”.

“სომხური მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას, რომელიც მიმართული იქნება აზერბაიჯან-სომხეთის პირობით სახელმწიფო საზღვარზე მდგომარეობის გამწვავებისკენ, ამიერიდან უფრო სერიოზული საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება”, – ვკითხულობთ აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სომხური მხარე ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ინტერესში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება არ შედის და ის ახალი სამხედრო პროვოკაციებისთვის ემზადება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი