ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“შეშფოთებული ვარ” – აფხაზი დეპუტატი “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონზე

9 თებერვალი, 2024 • 2942
“შეშფოთებული ვარ” – აფხაზი დეპუტატი “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონზე

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა და სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუთ ხუტაბამ “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით “ეხო კავკაზასთან” ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა. 

“ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია. სერიოზულად შეშფოთებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს ძლიერ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც კონტაქტი აქვთ ზოგიერთ დასავლურ ორგანიზაციასთან, არამედ, ზოგადად, სიტყვის თავისუფლებაზე და ჩვენი მოქალაქეების უფლებებზე” ,- ამბობს დაუთ ხუტაბა. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“. ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა. 

კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმერო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარებული იქნეს უცხოური აგენტების ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხო წყაროების ინტერესებიდან გამომდინარე.

„უცხოეთის აგენტებზე“ მსგავსი რუსული კანონის მიღებას საქართველოში „ქართული ოცნებაც” გეგმავდა 2023 წლის გაზაფხულზე.

ასეთი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი