ახალი ამბები

დარჩიაშვილი არ პასუხობს კითხვას, რატომ არ ჩადის უკრაინაში

7 თებერვალი, 2024 • 1206
დარჩიაშვილი არ პასუხობს კითხვას, რატომ არ ჩადის უკრაინაში

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არ უპასუხა კითხვას, რატომ არ ჩადის უკრაინაში.

საკომიტეტო მოსმენისას ილია დარჩიაშვილს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ხაჯიშვილმა ჰკითხა, ომის დაწყებიდან 2 წლის გამავლობაში რატომ არც ერთხელ ჩასულა უკრაინაში. ხაჯიშვილის თქმით, ამ კითხვას საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ყოველი მოხსენებისას უსვამს, თუმცა პასუხს ვერ იღებს.

„ხომ არ აპირებთ ჩასვლას? მე გირჩევდით“, — მიმართა დეპუტატმა მინისტრობის კანდიდატს.

„ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად ღირსეულად იქცეოდა ჩვენი ქვეყანა უკრაინელების მხარდასაჭერად. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სად ვიყავით და ვიყავი გაეროში, სადაც უკრაინის შესახებ სპეციალური სესია მიმდინარეობდა და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გამოვხატე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მისამართით“, — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

„თქვენ კიდევ ერთხელ გაექეცით ჩემს კითხვას, თუ რატომ არ ჩახვედით 2 წლის განმავლობაში უკრაინაში“, — თქვა საპასუხოდ დავით ხაჯიშვილმა.

2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში არ ჩასულან. უკრაინაში იმყოფებოდა საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით. უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი საქართველოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი