ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ბლოგერი პროტესტის მოწოდების შემდეგ დააკავეს

2 თებერვალი, 2024 •
აზერბაიჯანელი ბლოგერი პროტესტის მოწოდების შემდეგ დააკავეს

აზერბაიჯანელი ბლოგერის, არზუ საიადოღლუს სისხლის სამართლის დევნას აქტივისტები უკავშირებენ მის მოწოდებას, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი დაიწყოს.

ოფიციალურად კი ბლოგერს ბრალი ედება “გამოძალვის” მუხლით. მას ოთხი თვით წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

არზუ საიადოღლუ YouTube არხის, Arzu Sayadoğlu-ს წამყვანია, სადაც აკრიტიკებს აზერბაიჯანში პოლიტიკურ სიტუაციასა და მაღალჩინოსნებს. როგორც კავკაზსკი უზელი წერს, ერთი თვის წინ მან საკუთარ გადაცემაში მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდა.

2024 წლის თებერვალში დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. რეპრესიების ახალი ტალღა გაუქმებით ემუქრება აზერბაიჯანში ონლან-გამოცემა AbzasMedia-საც, რომელიც აზერბაიჯანში ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს. გამოცემის ექვსი თანამშრომელი – დირექტორი ულვი ჰასანლი, დირექტორის მოადგილე მაჰომედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და კორესპონდენტები, ნარგიზ აბსალამოვა, ხაფიზ ბაბალი და ელნარა გასიმოვა “ჯგუფურად დაგეგმილი კონტრაბანდის” ბრალდებით არიან დაკავებული.

აზერბაიჯანიდან სხვადასხვა ქვეყანაში ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი აქტივისტები და ჟურნალისტები, რომელთაც კოალიცია (AZEX, The Azerbaijani Exiled Civic Coalition) დააარსეს, ეუთოს [OSCE] მოუწოდებენ, აზერბაიჯანში დაწყებული რეპრესიების ახალი ტალღის ფონზე, უარი თქვან 2024 წლის 7 თებერვალს დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებაზე და არ მისცენ საშუალება ალიევის რეჟიმს, საერთაშორისო არენაზე იმიჯი შეუნარჩუნოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი