ახალი ამბები

სასკოლო სასადილოებისათვის მოსწავლეებს საბანკო ბარათები დაჭირდებათ

22 სექტემბერი, 2010 • 1354
სასკოლო სასადილოებისათვის მოსწავლეებს საბანკო ბარათები დაჭირდებათ

სასკოლო სასადილოებში ანაგარიშსწორება საბანკო ბარათებით მოხდება. #161–ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები რეაბილიტირებულ სასადილოში ბარათით სარგებლობას დღეიდან შეძლებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა #161–ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო გახსნეს. საკვებს მოსწავლეები სასადილოში არა ნაღდი ფულით, არამედ ,,ტაოპრივატბანკის’’ მიერ დამზადებული სპეციალური ბარათებით შეიძენენ.

#161–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ,,ტაოპრივატბანკის’’ ბარათები უსასყიდლოდ გადაეცათ, სასკოლო სასადილო კი მოსწავლეთათვის კომპანია ,,გოგლი–მოგლმა’’ მოაწყო.

,,გოგლი–მოგლის’’ სასადილოები თბილისი 8 სკოლაში ამოქმედდება. თითოეული მათგანისათვის კი კომპანია 50 ათას ამერიკულ დოლარს დახარჯავს.

განათლების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ,,გოგლი–მოგლი’’, მრავალფეროვანი საკვებისა და ხელმისაწვდომი ფასების გარდა, მოსწავლეებს სხვადასხვა წამახალისებელ პროექტებს შესთავაზებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი სასადილოების მოწყობა ყველა საჯარო სკოლაშია დაგეგმილი, რისთვისაც სამინისტრო ტენდერს გამოაცხადებს.

სკოლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილოები პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის  პროექტის” ფარგლებში ხორციელდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი