ახალი ამბები

„პუტინს სიურპრიზები ელის“ – ამერიკელი მაღალჩინოსანი

1 თებერვალი, 2024 •
„პუტინს სიურპრიზები ელის“ – ამერიკელი მაღალჩინოსანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ 2024 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „სიურპრიზები“ ელის უკრაინასთან გაჩაღებულ ომში.

„უნდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ 2024 წელს უკრაინელი ხალხის ერთობასა და სიმტკიცეში. დარწმუნებული ვარ – მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ახლა დაცვას ამაგრებს, პუტინს ბრძოლის ველზე სიურპრიზები ელის, უკრაინა კი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს“, – ციტირებს კიევში ვიზიტით მყოფ ნულანდს „ერ-ბე-კა უკრაინა“.

ნულანდი უკრაინის დედაქალაქს 31 იანვარს ეწვია. ეს მისი მეორე ვიზიტი იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ვიზიტის დროს მას ასევე ჰკითხეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ – ამჟამად კიევის დახმარება აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელთა დიდი ნაწილის ოპოზიციის გამო ვერ ხერხდება. ნულანდმა თქვა, რომ დარწმუნებულია დახმარების გამოყოფაში.

„მათ [ამერიკელებს] ესმით, რა მოხდება, თუ ვერ შეძლებთ არათუ გადარჩენას… ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ეს გაგება აისახება კონგრესის მიერ პრეზიდენტ ბაიდენის [დახმარების გამოყოფის თხოვნაზე] ხმის მიცემაში“, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი