ახალი ამბები

მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა განიხილება

29 იანვარი, 2024 • 920
მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა განიხილება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ თანამდებობიდან გადადგომა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის საკითხი 24 იანვარს გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს და მმართველი გუნდის წევრებისთვის ეს ამბავი დღემდე იყო ცნობილი.

„24 იანვარს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. პოლიტსაბჭოს მხრიდან იყო შეთავაზება, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ მომხდარიყო ეს ცვლილება გარკვეული როტაციის პრინციპით, მაგრამ მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ახალ პრემიერს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის, ხედვების და მიდგომების ჩამოსაყალიბებლად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩევენ პირველ თებერვალს დაგეგმილ ყრილობაზე. ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ ყრილობის შემდეგ ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტსაც დაიკავებს. პარტიაში აღნიშნული თანამდებობაც აქამდე ირაკლი ღარიბაშვილს ეკავა.

„რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა და ამას დაგიდასტურებთ. ოღონდ, უნდა ვთქვათ, რომ ბატონმა ირაკლიმაც [ღარიბაშვილმა] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, რადგან ეს ფორმალობა რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე [ბიძინა ივანიშვილი] წარუდგენს პოლიტსაბჭოს [პრემიერობის კანდიდატს] დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


დღეს, 29 იანვარს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზ საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის სიძლიერის უმთავრესი ფაქტორია შიდა დემოკრატია, რომლის გამოვლინებაცაა როტაციის პრინციპი.

მასალების გადაბეჭდვის წესი