ახალი ამბები

„გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და უკან — ღარიბაშვილი“ — მანჯგალაძე

29 იანვარი, 2024 • 810
„გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და უკან — ღარიბაშვილი“ — მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში დაგეგმილი საკადრო გადანაცვლებები ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილია.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, ამ საკადრო გადაადგილებებით ხალხისთვის არაფერი შეიცვლება.

„ქართულ ოცნებას” მოუწია იმ ეკონომიკური ჩავარდნის აღიარება, რაც ქვეყანაშია და ახლა მორიგ ფასადურ ცვლილებას გვთავაზობენ. ახლა გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე ღარიბაშვილის ნაცვლად და ღარიბაშვილი მიუჯდება უკან. თამაშია ერთგვარი, ეს არ არის სერიოზული. რა თქმა უნდა, ირაკლებისთვის რაღაც შეიცვლება, მაგრამ ხალხისთვის არაფერი. ეს უარესიც არის, რადგან ირაკლი კობახიძეს არანაირი შეხება აქვს ეკონომიკასთან, არც სამუშაო ადგილებთან, არც დასაქმებასთან. ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის პრობლემები არ ანაღვლებს.

ბიძინა ივანიშვილი ერთობა, ახლა ველოსიპედს უკან მიუსვა ღარიბაშვილი და წინ გადმოჯდება კობახიძე. ეს თამაში სჭირდება საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთესად გვის, მაგრამ კობახიძე არის ძველი ცოცხი, რადგან პარტიის თავმჯდომარე იყო, ნომერ პირველი პირი და ქვეყნის ეკონომიკისთვის, მოქალაქეების დასაქმებისთვის არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს დღის წესრიგს, რომ საჭიროა რეალური ცვლილებები, გადაჯდომა- გადმოჯდომა მთავრობაში, როგორც ველოსიპედზე- ისე, გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში“, — განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი