ახალი ამბები

ტაილანდში რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები დააკავეს, მათ დეპორტაცია ემუქრებათ

28 იანვარი, 2024 • 1243
ტაილანდში რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები დააკავეს, მათ დეპორტაცია ემუქრებათ

ტაილანდში დააკავეს რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები. მათ უკან, რუსეთში დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასაშუალება South China Morning Post ავრცელებს.

აღნიშნული ბენდის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გუშინ ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ისინი საჯაროდ მხარს უჭერენ უკრაინას და ეწინააღმდეგებიან პუტინის ომს უკრაინაში.

B-2-ს წევრებმა რუსეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დატოვეს.

როგორც South China Morning Post იტყობინება, მათი დაკავება ტაილანდის კურორტ ფხუკეთში ჩატარებულ კონცერტს უკავშირდება. კერძოდ, ტაილანდის ხელისუფლება მათ ედავება საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევას, რადგან მათ კონცერტის ჩასატარებლად აუცილებელი მუშაობის ნებართვა არ ჰქონდათ.  ამავე მედიასაშუალების ცნობით, ფხუკეთში რუსეთის კონსულმა განაცხადა, რომ დაკავებულებს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გადაიყვანენ, შემდეგ კი იმ ქვეყნებში დააბრუნებენ, რომლის მოქალაქეობაც აქვთ.

South China Morning Post-ის ცნობით, ექვსკაციანი ჯგუფის 4 წევრს ისრაელის მოქალაქეობაც აქვს, მათგან ერთს — ავსტრალიისაც, ორი კი რუსეთის მოქალაქეა.

აღნიშნული ჯგუფის მომღერალი ლიოვა (იგორ ბორტნიკი) ჯერ კიდევ გასულ წელს შეიყვანეს რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ სიაში. მოსალოდნელია, რომ რუსეთში დეპორტაციის შემთხვევაში, ჯგუფის წევრებს უკრაინის მხარდაჭერის გამო გასაამართლებენ.

South China Morning Post ასევე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინის კრიტიკოს, უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე, რუსეთიდან გაქცეულ არტისტებს სხვა ქვეყნებში პრობლემები ექმნებათ. მაგალითად, მედიასაშუალება ახსენებ კომედიანტ მაქსიმ გალკინს, რომელიც არ შეუშვეს ინდონეზიაში კონცერტის ჩასატარებლად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა კი ის დუბაიში გამართული კონცერტის გამო 27 ათასი დოლარით დააჯარიმეს, ასევე, ტაილანდში გაურკვეველი მიზეზით გააუქმეს მისი შოუები.

„რუსეთის ხელისუფლებას სურს შეაშინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა [რუსი], რომ მათ შეუძლიათ მისწვდნენ ყველას და ყველგან“, — ამბობს დიმიტრი გუდკოვი, კვიპროსში გაქცეული პუტინის ოპონენტი, რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი დეპუტატის.

მასალების გადაბეჭდვის წესი