ახალი ამბები

თინა კანდელაკმა ყაზახები მანქურთებს შეადარა – მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს

22 იანვარი, 2024 • 693
თინა კანდელაკმა ყაზახები მანქურთებს შეადარა – მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა თინა კანდელაკს, ქართული წარმოშობის რუსულ მედიამენეჯერს, იტყობინება „მედუზა“.

ყაზახეთის საგარეო უწყებამ მიიჩნია, რომ კანდელაკმა ნეგატიურად ისაუბრა ქვეყანაზე და ამგვარად, მოხვდა იმ უცხოელთა სიაში, ვისაც ამ მიზეზით აეკრძალება ყაზახეთში შესვლა.

„თუ ვინმე არ მოგწონთ, სახლში ხომ არ შემოუშვებთ. ჩვენც ასე მოვიქცევით. საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ ზომებს. ნუ დაიჟინებთ, რომ ეს დღეს ან ხვალ გავაკეთოთ. სახელმწიფო ასეთ რამეს არ პატიობს. ის [კანდილაკი] ყაზახეთში არ ჩამოვა, ხოლო რომც ჩამოვიდეს, ვერ შემოვა“, – განაცხადა ყაზახეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა.

ყაზახეთის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა პოსტები ტელეგრამ-არხში, რომელშიც კანდელაკი ჩიოდა ყაზახეთში „სახელმწიფო დონეზე რუსული ენის განდევნაზე“. ასე შეაფასა მან ტრანსპორტის სამინისტროს გეგმები, რამდენიმე რკინიგზის სადგურისთვის შეეცვალათ ძველი რუსული სახელი.

„ბალტიისპირეთშიც ყველაფერი ცოტათი დაიწყო, შემდეგ კი ხურავდნენ რუსულ სკოლებს, მიდიოდა საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი, კრძალავდნენ რუსულ ენას, ქუჩაში, გარეთ, ყინვაში, აგდებდნენ პენსიონერებს“, – დაწერა კანდელაკმა.

ყაზახეთის მცხოვრებლების კრიტიკას კანდელაკმა უპასუხა, რომ „ინტერესით და სინანულით“ ადევნებს თვალს მათ რეაქციას, ისინი „მანქურთებს“ [ჩინგიზ აიტმატოვის ერთ-ერთ რომანში ასე მოიხსენიებენ ტყვედ აყვანილ ადამიანს, რომელიც უსულო, მონურ არსებად იქცა და არაფერი ახსოვს წინა ცხოვრებიდან] შეადარა და აღნიშნა: „არ გახსოვდეს, რა მოხდა, გვერდზე გადადო ისტორია, მათ შორის, ისტორიულ დასახელებებში, არა მარტო უგუნური, არამედ სახიფათო საქმეა“.

კანდელაკის მეორე პოსტს გამოეხმაურა ყაზახეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბეკბოლატ ტლეუხანი. მისი შეფასებით, კანდელაკის პოსტები მიზანმიმართული პროვოკაციაა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დასახელებები სხვადასხვა ობიექტს თავად მისცეს.

„საპასუხოდ კი რატომღაც გვიყვებით „მანქურთზე“… ანუ, თქვენ ყველა ყაზახს მიანიშნეთ, რომ მანქურთები ვართ? თუკი ეს სიტყვა იცით, ისიც უნდა იცოდეთ, რაოდენ დიდი შეურაცხყოფა მიაყენეთ [ყაზახ ხალხს]“, – ამბობს იგი.


თინა კანდელაკი 1995 წელს გადავიდა მოსკოვში და დღემდე რუსეთში საქმიანობს. არის „გაზპრომ-მედიას“ ჯგუფის მაღალჩინოსანი, ასევე, რუსული არხის, „ტე-ენ-ტეს“ დირექტორი. მხარი დაუჭირა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი