ახალი ამბები

ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ განვავითაროთ შუა დერეფანი – ღარიბაშვილი

18 იანვარი, 2024 • 1138
ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ განვავითაროთ შუა დერეფანი – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ევრაზიის ახალი განთიადი?“.

ღარიბაშვილმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა. მისი თქმით, ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურადაც.

მისი თქმით, საქართველო სავაჭრო ურთიერთობებსა და კავშირებს აფართოებს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო და ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც დეკემბერში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. მისი თქმით, ახლა უკვე საქართველო მეტ პირდაპირი უცხოურ ინვესტიციას ელის.

„საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ განვავითაროთ შუა დერეფანი, რომელიც ძალიან საინტერესო, მიმზიდველი, ალტერნატიული მარშრუტი ხდება. 2 წლის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას, ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ ძალიან მკაფიო გეგმა გვაქვს, თუ როგორ განვავითაროთ ეს დერეფანი.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, ეს გულისხმობს: პორტების გაფართოებას, რკინიგზის, აეროპორტების, გზების ინფრასტრუქტურას და ა.შ. წელს გვინდა, დავიწყოთ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში, ასევე მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და ვაპირებთ, რომ სარკინიგზო გადაზიდვები გავაორმაგოთ ამ წელს. ჩვენ ასევე გვსურს, დავიწყოთ ახალი აეროპორტის მშენებლობა, რადგან საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე აქვს პოტენციალი, რომ ავიაციის კუთხითაც განვითარდეს. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა გზები, გზატკეცილები, ყველაფერი წელს დასრულდება. სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ასევე დასრულდება ორი წლის ვადაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვა შუა დერეფნის მიმართ ჩინეთის ინტერესსსაც.

„ასევე მინდა, აღვნიშნო ჩინეთის ინტერესის მნიშვნელობა ამ ალტერნატიულ მარშრუტებზე, შუა დერეფანზე. გასულ წელს მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, შევხვდი პრეზიდენტ სი ძინპინს, შევთანხმდით, რომ გაგვეღრმავებინა პარტნიორობა სტრატეგიულ დონემდე. ჩინეთის ინტერესი შუა დერეფნის მიმართ პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ გაცხადებული იქნა. მე ვფიქრობ, ეს მისცემს მეტ მნიშვნელობას და ენერგიას ამ კორიდორის განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პანელში მონაწილეობდა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩიც, რომლის პარტიამაც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. სწორედ ვუჩიჩისადმი მილოცვით დაიწყო ღარიბაშვილმა თავის გამოსვლა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.

„მინდა შემოგიერთდეთ და მივულოცო ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ვუჩიჩს დიდი გამარჯვება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი