ახალი ამბები

ხაზარაძე კალაძეს სასამართლოში უჩივლებს

17 იანვარი, 2024 • 1960
ხაზარაძე კალაძეს სასამართლოში უჩივლებს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

როგორც მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, კალაძეს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივიან.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მოთხოვნა იქნება, რომ კახა კალაძემ უარყოს ის განცხადება, რაც მან 17 იანვარს, თბილისის მთავრობის სხდომაზე მამუკა ხაზარაძის მისამართით გააჟღერა.

კერძოდ, კახა კალაძემ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მამუკა ხაზარაძე „ხალხს აუბედურებდა და ბიზნესებს ართმევდა“.

„შეიძლება მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და „ხელის ბიჭი“ იყო სააკაშვილის. არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ზვიად კორძაძის განცხადებით, კალაძემ ხაზარაძეზე ყალბი ცნობები გაავრცელა და ამის გამო სასამართლოში სარჩელს მომდევნო კვირაში შეიტანენ.

„პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის, რადგან პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ მამუკა ხაზარაძე ხალხს ბიზნესს ართმევდა და აუბედურებდა. შესაბამისად, ეს არის ყალბი ცნობების გავრცელება, რომლის გამოც სასამართლოში შევა სარჩელი მომდევნო კვირაში“, – განაცხადა მან.

ამასთან, ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძის მოთხოვნა, მხოლოდ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების უარყოფა იქნება და ის ფულად კომპენსაციას არ მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი