ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეუთო-ს მოუწოდებენ, უარი თქვას, საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებაზე აზერბაიჯანში

17 იანვარი, 2024 • 1051
ეუთო-ს მოუწოდებენ, უარი თქვას, საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებაზე აზერბაიჯანში

აზერბაიჯანიდან სხვადასხვა ქვეყანაში ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი აქტივისტები და ჟურნალისტები, რომელთაც კოალიცია (AZEX, The Azerbaijani Exiled Civic Coalition) დააარსეს, ეუთოს [OSCE] მოუწოდებენ, აზერბაიჯანში დაწყებული რეპრესიების ახალი ტალღის ფონზე, უარი თქვან 2024 წლის 7 თებერვალს დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებაზე და არ მისცენ საშუალება ალიევის რეჟიმს, საერთაშორისო არენაზე იმიჯი შეუნარჩუნოს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) 2023 წლის 29 დეკემბერს მზაობა გამოთქვა, აზერბაიჯანში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიამ იმუშაოს.

“ჩვენ შევქმენით ახალი სამოქალაქო ინიციატივა და ყველა საერთაშორისო სტრუქტურას, რომლის წევრიც არის აზერბაიჯანი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე დროული რეაგირებისკენ მოვუწოდებთ”,- აცხადებენ ასოციაციაში. ინფორმაციას კავკაზსკი უზელი ავრცელებს.

2024 წლის თებერვალში დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. რეპრესიების ახალი ტალღა გაუქმებით ემუქრება აზერბაიჯანში ონლან-გამოცემა AbzasMedia-საც, რომელიც აზერბაიჯანში ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს. გამოცემის ექვსი თანამშრომელი – დირექტორი ულვი ჰასანლი, დირექტორის მოადგილე მაჰომედ კეკალოვი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და კორესპონდენტები, ნარგიზ აბსალამოვა, ხაფიზ ბაბალი და ელნარა გასიმოვა “ჯგუფურად დაგეგმილი კონტრაბანდის” ბრალდებით არიან დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი