ახალი ამბები

მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას რაკეტებსა და ბომბებს გადასცემს

17 იანვარი, 2024 • 2058
მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას რაკეტებსა და ბომბებს გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თებერვალში კიევში გაემგზავრება, რათა შეათანხმოს უკრაინისთვის იარაღის მორიგი პარტიის გადაცემა.

როგორც მაკრონი ამბობს, რუსეთის გამარჯვება „შეუძლებელს“ გახდის მოსკოვის მეზობლების ცხოვრებას და ძირს გამოუთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს.

„ვერ და არ უნდა მოვაგებინოთ რუსეთს“, – ციტირებს მაკრონს Associated Press.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პარიზი გეგმავს კიევისთვის 40 შორსმსროლელი რაკეტისა [“Scalp”] და რამდენიმე ასეული ბომბის გადაცემას.

მაკრონმა აგრეთვე ისაუბრა ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობებზე. მისი თქმით, იპოვის გზას დონალდ ტრამპთან სამუშაოდ, თუკი ამ წლის ნოემბერში ეს უკანასკნელი არჩევნებში გამარჯვებას მოახერხებს. მაკრონის თქმითვე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, ევროპა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაშინგტონის პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს. „ამიტომ მსურს, ევროპა უფრო ძლიერი იყოს, არ იყოს დამოკიდებული სხვებზე და იცოდეს, როგორ დაიცვას თავი“, – აცხადებს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი