ახალი ამბები

აზოვის ზღვის თავზე უკრაინამ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო და ერთიც დააზიანა — მედია

15 იანვარი, 2024 •
აზოვის ზღვის თავზე უკრაინამ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო და ერთიც დააზიანა — მედია

14 იანვრის ღამით აზოვის ზღვის თავზე უკრაინამ ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ამოიღო მიზანში და რაკეტა ორივეს მოარტყა, აქედან ერთი ზღვაში ჩავარდა, მეორე კი, დიდი ალბათობით, ავარიულად დაეშვა ანაპის აეროდრომზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით. რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს აღნიშნული ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

უკრაინული მედიასაშუალება „RBC“ იტყობინება, რომ ჩამოგდებულია რუსეთის საჰაერო ძალების დიდი ზომის სადაზვერვო თვითმფრინავი А-50, რომელიც აზოვის ზღვის თავზე მორიგეობდა. რაც შეეხება Ил-22М11-ს, რომელზეც მფრინავი სამეთაურო პუნქტია განთავსებული, რაკეტის მოხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, რუსეთის ქალაქ ანაპის აეროდრომში ავარიულად დაეშვა. RBC-ს ცნობით, მათ მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ ითხოვს რადიოარხის საშუალებით პილოტი  აეროდრომში მეხანძრე-მაშველების დახვედრასა და ევაკუაციას. თვითმფრინავის სიგნალი რადარებიდან სწორედ დაშვების მომენტში გაქრა, თუმცა უცნობია, რა ტიპის დაზიანება აქვს საფრენ აპარატს.

კიდევ ერთი უკრაინული მედიასაშუალების, Unian-ის ცნობით, რუსული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად უკრაინამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პატრიოტი“ გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი