ახალი ამბები

47 ქვეყანასთან ერთად საქართველოც გმობს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას

10 იანვარი, 2024 • 1038
47 ქვეყანასთან ერთად საქართველოც გმობს  რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS), რომელიც ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურია, აქვეყნებს ერთობლივ განცხადებას, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და 48 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აწერენ ხელს, მათ შორისაა საქართველო.

ქვეყნები ამ განცხადებით გმობენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებლად ბალისტიკური რაკეტების გადაცემას.

“უმკაცრესად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან ბალისტიკური რაკეტების გატანას და რუსეთის მხრიდან მათ შესყიდვას, შემდეგ კი რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის 2 იანვარს. რუსეთისთვის ამ იარაღის გადაცემა ნიშნავს უკრაინელი ხალხის მეტ ტანჯვას, რუსეთის მხარდაჭერას ომში”, – წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც, საქართველოსთან ერთად უერთდებიან აშშ, კორეის რესპუბლიკა, ევროპული და სხვა სახელმწიფოები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უხეშად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთ რეზოლუციას, რომელთაგან ერთ-ერთის მხარდამჭერი თავად რუსეთიცაა.

„მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს, დაემორჩილონ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეკომენდაციებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ქმედება, რომელიც მათ არღვევს“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი სახელმწიფოები ასევე მოუწოდებენ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შეუერთდნენ და აღნიშნავენ, რომ ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი