საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს არ დაესწრო.
დღეს, 10 იანვარს, სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმის (ე.წ. პიჯაკების საქმე) განხილვა უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა სასამართლო სხდომის დაწყებისას მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ოქმი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ოქმის თანახმად, სააკაშვილმა უარის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი პროცესს არ ესწრებოდა, მისი ადვოკატები პროცესის მის გარეშე გაგრძელებას ითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, თავად სააკაშვილის პოზიცია იყო, რომ მისი ვერ მონაწილეობის პირობებშიც გაგრძელებული საქმის სასამართლო განხილვა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.
თუმცა პროკურატურის წარმომადგენლებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს. მათი თქმით, სააკაშვილის პოზიცია, რომ მისი დასწრების გარეშე გაგრძელებულიყო საქმის განხილვა, ბუნდოვანი იყო.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და საქმის განხილვა 21 თებერვლამდე გადადო.
სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე)
პროკურატურის თანახმად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.
“სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.
[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — ამბობს უწყება.
გამოძიების ვერსიით, სააკაშვილისა და ჯანაშიას შორის შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.
აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.