ახალი ამბები

“ოცნების” წესდებაში შეტანილი ცვლილებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ივანიშვილი წარადგენს

8 იანვარი, 2024 • 2342
“ოცნების” წესდებაში შეტანილი ცვლილებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ივანიშვილი წარადგენს

გამოქვეყნდა “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ახალი წესდება, რომელშიც შეტანილი ცვლილებებით სამართლებრივი საფუძველი იქმნება ბიძინა ივანიშვილის პარტიაში ოფიციალური დაბრუნებისთვის.

ამასთან, ახალი წესდების თანახმად პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პოლიტიკურ საბჭოს არა პარტიის თავმჯდომარე, არამედ საპატიო თავმჯდომარე წარადგენს დასამტკიცებლად.

ინფორმაცია თავდაპირველად რადიო “თავისუფლებამ” გაავრცელა.

“ოცნების” დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მანამდე ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, 2023 წლის 30 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრუნდება ქართულ პოლიტიკაში პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, თუმცა მანამდე, ოცნების წესდებით, პარტიაში ასეთი თანამდებობა არ არსებობდა.

დღეს გამოქვეყნებული ახალი წესდების თანახმად, რომელიც საჯაროო რეესტრმა დაარეგისტრირა, პარტიის წესდებაში ცვლილებები  რიგგარეშე ყრილობაზე 30 დეკემბერს შეიტანეს.

ცვლილების მიხედვით, წესდებას დაემატა ახალი პუნქტი საპატიო თავმჯდომარის შესახებ.

საპატიო თავმჯდომარე, წესდების მიხედვით, შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს არა პარტიის თავმჯდომარე, არამედ საპატიო თავმჯდომარე.

შესაბამისად, რადგანაც ამჟამად საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, ოფიციალურადაც ის წარუდგენს პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას.

გარდა ამისა, საპატიო თავმჯდომარეს შეუძლია პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი