ახალი ამბები

პოლონეთმა EU-სგან გაყინული დახმარების ნაწილი, 5 მილიარდი ევრო მიიღო

28 დეკემბერი, 2023 • 1367
პოლონეთმა EU-სგან გაყინული დახმარების ნაწილი, 5 მილიარდი ევრო მიიღო

პოლონეთმა ევროკავშირისგან 5 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო. ვარშავასთვის ამ თანხის გადარიცხვაზე შეთანხმებას მხარეებმა დეკემბრის შუა რიცხვებში მიაღწიეს.

ევროკავშირის დახმარებას პოლონეთის ახალი მთავრობა მიიღებს, დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ არჩევნებში მათ მემარჯვენე მმართველი პარტია, „კანონი და სამართალი“ დაამარცხეს.

5 მილიარდი მხოლოდ ნაწილია იმ დახმარებისა, რომელიც პოლონეთს, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად უნდა მიეღო. თუმცა ეს თანხა გაყინული იყო პოლონეთში დემოკრატიული უკუსვლის გამო – ბრიუსელში მიიჩნევნდნენ, რომ აწ უკვე წინა მთავრობის მიერ მიღებულმა კანონებმა ძირი გამოუთხარა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, რითიც დაირღვა ხელისუფლების დემოკრატიული გაყოფის პრინციპი.

„ეს საჩუქარი არაა. ეს არის სერიოზული თანხა, განკუთვნილი ჩვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტისთვის. შევეცდებით, ეს ფული სწრაფად და ჭკვიანურად დავხარჯოთ“, – განაცხადა ტუსკმა.

პოლონური მედიის ცნობით, ევროკავშირის მიერ პოლონეთისთვის გამოყოფილი გაყინული დახმარების თუ შეღავათიანი სესხების ოდენობა თითქმის 60 მილიარდ ევროს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი