ახალი ამბებიკინოხელოვნება

საქართველოს კინოინსტიტუტი ბერლინალეზე წარდგება ქართული სტენდით

28 დეკემბერი, 2023 • 1821
საქართველოს კინოინსტიტუტი ბერლინალეზე წარდგება ქართული სტენდით

28 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2023 წელს კინოში მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. საქართველოს კინოინსტიტუტი კინემატოგრაფისტთა გაერთიანებაა, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელი ქართული კინოს განვითარებას და ეხმარება კინემატოგრაფისტებს პროექტების განხორციელებაში.

ამავე მიზნით, ბერლინის 74-ე კინოფესტივალზე საქართველოს კინოინსტიტუტი ქართული სტენდით იქნება წარმოდგენილი:

„ეს იქნება პრეცედენტი, როდესაც დამოუკიდებელი ინსტიტუცია წარმოდგენილი იქნება ცალკე სტენდით ბერლინში. ზოგადად, საქართველოში კინოს დაფინანსება არის ძალიან მცირე (საშუალოევროპული ფილმის დაფინანსების ტოლფასია მთლიანად კინოში არსებული დაფინანსება), ამიტომ, ქართული ფილმების უმრავლესობა არის ევროპული კოპროდუქცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ფილმები დამატებით დაფინანსებას იღებენ ევროპული ფონდებისგან. სწორედ ამიტომ გავხსენით ეს კარი და მაქსიმალურად დავეხმარებით პროექტებს, რათა მოიძიონ დამატებითი დაფინანსება ევროპაში”, – თქვა დავით ვაშაძემ, რომელიც იქნება ქართული სტენდის ხელმძღვანელი „ბერლინალეზე”.

შესავალ სიტყვაში რეჟისორმა და ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ისაუბრა საქართველოს კინოინსტიტუტსა და მიზნებზე:

„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების გაერთიანება, რომლებსაც გვსურს, ჩვენი ძალებით, დამოკიდებულებით და  წარმოდგენით იმაზე, რას ნიშნავს დღეს, 21-ე სააუკუნეში, იყო თავისუფალი ხელოვანი, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, ანუ კინოში მომუშავე ადამიანებს. მათ, ვისთვისაც ხელოვნების თავისუფლება უპირველესი ფასეულობაა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის და სისტემის მემკვიდრეები ვართ (მიუხედავად იმისა, ვინ რამდენ ხანს მოესწრო იმ სისტემას), აქედან გამომდინარე, ცენზურის მიმართ ვართ და უნდა დავრჩეთ უკიდურესად მგრძნობიარენი.”
რეჟისორის თქმით, კინოისტიტუტის მიზანი არ არის რომელიმე ინსტიტუციის ჩანაცვლება, პროექტი გრძელვადიანია და იმედს იტოვებს, რომ დიდხანს იარსებებს.  ბერლინალეზე კინოინსტიტუტის სტენდის არსებობა კი პირდაპირ ბმაშია ორგანიზაციის მთავარ მიზანთან:
„ძალიან მოკლე დროში კინოინსტიტუტმა შეძლო და წარდგება სტენდით ბერლინის კინოფესტივალზე. ეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენს უმთავრეს მიზანს: ჩვენი ურთიერთობებითა და აქამდე არსებული კონტაქტებით, მსოფლიო კინოს პროფესიულ სამყაროში, ხელი შევუწყოთ იმ კოლეგებს, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე აქვთ თავიანთი პროექტები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი