ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზმა მინისტრმა ზუგდიდში ვიზიტი დაადასტურა

26 დეკემბერი, 2023 • 2046
აფხაზმა მინისტრმა ზუგდიდში ვიზიტი დაადასტურა

აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა სპუტნიკ-აფხაზიასთან ინტერვიუში დაადასტურა 22 დეკემბერს ენგურჰესის საკითხზე ზუგდიდში ვიზიტი და იქ გამართული სამუშაო შეხვედრა.

ოზგანის თქმით, შეხვედრა ენგურჰესის კაშხალზე შედგა, სადაც მხარეებმა განიხილეს 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობები, ამავე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების განრიგი წყალსაცავში წყლის დონის გათვალისწინებით და ენგურჰესის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

მისივე თქმით, აფხაზურმა მხარემ ისაუბრა იმის შესახებ რომ გეგმავს ენგუჰესის ვარდნილების რეკონსტრუქციას, თუმცა, ქართული მხარე აღარ განიხილავს მათ აღდგენას, რადგანაც ეს “არამომგებიანი ინვესტიციაა”.

აფხაზეთის ენერგეტიკის საკითხებზე კრისტინა ოზგანის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო საიდუმლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ აფხაზური ტელეგრამ-არხებით ანონიმურმა მომხმარებლებმა გაავრცელეს. თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია ოფიციალურად არც უარყვია და არც დაუდასტურებია არც “ენგურჰესის” ადმინისტრაციას და არც ქართულ და აფხაზურ მხარეებს.

აფხაზეთში ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხზე დღესდღეობით ცხარე დისკუსიები მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, აფხაზეთს რუსეთის წინაშე ელექტროენერგიისთვის 1 მილიარდ რუბლზე მეტი დავალიანება აქვს. ადგილობრივი ოპოზიცია, რომელიც ყველაზე ხშირად სპეკულირებს საქართველოსთან ურთიერთობით, ენერგეტიკის სფეროში პრობლემების განხილვისას, პირიქით – ხელისუფლებას სთავაზობს სწორედ საქართველოსთან თანამშრომლობას, რადგანაც ამაში ხედავს გადარჩენის გზას რუსეთის ენერგეტიკული კონტროლისა და შანტაჟისგან. თუმცა ხელისუფლება, რომელიც რუსეთზეა დამოკიდებული, ამ ნაბიჯს ვერ დგამს [ოფიციალურად].

მასალების გადაბეჭდვის წესი