ახალი ამბები

ნავალნი იპოვეს

25 დეკემბერი, 2023 • 1341
ნავალნი იპოვეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომლის მხარდამჭერებსა და ადვოკატებს თითქმის სამი კვირა არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ, ერთ-ერთ კოლონიაში აღმოაჩინეს.

ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, მას უკვე შეხვდა ადვოკატი. ნავალნის გუნდის ცნობით, ახლა იგი იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპის კოლონიაში ჰყავთ. ეს რუსეთის ჩრდილოეთში, ციმბირის დასავლეთით მდებარე რეგიონია.

ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორის, ივან ჟდანოვის განცხადებით, ახალ საპატიმროში „სასტიკი პირობებია“ და იქ ჩასვლა რთულია. „ეს არის იზოლაციის მაქსიმალური დონე“, – მიიჩნევს ნავალნის ერთ-ერთი თანაგუნდელი ლეონიდ ვოლკოვი.

ნავალნი, რომელსაც დაახლოებით 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, დეკემბრის დასაწყისში მოსკოვთან ახლოს მდებარე ვლადიმირის რეგიონის ციხიდან გაუჩინარდა.

ნავალნი რუსეთში 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. სამკურნალოდ გერმანიაში ყოფნის შემდეგ, იგი 2021 წელს რუსეთში დაბრუნდა, სადაც დააკავეს კიდეც. საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასებით, მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი