ახალი ამბები

ქუთაისის ცენტრიდან ქუთაისის აეროპორტამდე ავტობუსი დაინიშნება — აეროპორტების გაერთიანება

25 დეკემბერი, 2023 • 3027
ქუთაისის ცენტრიდან ქუთაისის აეროპორტამდე ავტობუსი დაინიშნება — აეროპორტების გაერთიანება

2024 წლის აპრილიდან მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით,  ტენდერი გამოაცხადეს 3 ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვაზე. ავტობუსების ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 383 408 ლარს შეადგენს.

როგორც  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

„ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, მგზავრის გადაადგილებისთვის საჭირო შატლი, რომელსაც შესაბამისი ბრენდინგი ექნება და მითითებული იქნება ადგილი, საიდანაც ქალაქიდან აეროპორტამდე ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან“,  — განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მის კომენტარს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული სატენდერო აუცილებელი მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული ავტობუსები ნაწარმოები უნდა იყოს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

ქუთაისიდან ქუთაისის აეროპორტამდე ამ დრომდე არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აეროპორტში მოხვედრის ერთადერთი გზა პირადი ავტომობილი ან ტაქსია. ქუთაისიდან აეროპორტამდე გადაადგილება ასევე შესაძლებელია ქუთაისი-სამტრედიის მიკროავტობუსითაც, რადგან აეროპორტი ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, სამტრედიასთან ახლოს მდებარეობს.

ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვდნენ აქტივისტებიც. აღნიშნულ პრობლემაზე სტატია მოამზადა „ბათუმელებმაც“.

მასალების გადაბეჭდვის წესი