ახალი ამბები

კობახიძე: უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში

22 დეკემბერი, 2023 • 1145
კობახიძე: უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები 2024 წლის ბოლოს გაიხსნება, თუმცა, ასეც რომ არ მოხდეს, მისი აზრით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე გახდება ევროკავშირის წევრი.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ მორიგ შეთქმულების თეორიაზე, თითქოს, „მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა – ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე“.

„ხალხის ძალის“ აზრით, კანდიდატის სტატუსი იმიტომ მოგვენიჭა, რომ ის, „როგორც ხელისუფლების გადატრიალების ინსტრუმენტი“, „გლობალური ომის პარტიისთვის“ სრულად გაუფასურდა, თუმცა ოპოზიცია „რევოლუციის მორიგ უპერსპექტივო მცდელობას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც შემოგვთავაზებს. კობახიძეც ფიქრობს, რომ „ეს მცდელობა იქნება“, თუმცა განწირულია ფიასკოსთვის.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, დანარჩენი ვნახოთ. ასეც და ისეც, როგორც წინა შემთხვევაში ვერ მოახერხეს ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც არსებითად ვითარების არევა, ასე გააგრძელებენ მომავალშიც“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, მოლაპარაკებების გახსნის თარიღს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

„არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წელს უკვე უნდა იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, თუმცა პოლიტიკური საკითხია. ჩვენ ყველა შემთხვევაში დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში.

იყო ურთულესი პროცესები, მაგრამ ისინი მივიყვანეთ წარმატებამდე და იგივე დაპირება შეიძლება გავცეთ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. როდის იქნება, არის ცალკე საკითხი, მაგრამ როცა იქნება, აუცილებლად გაიხსნება და გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების თუ მოლაპარაკებების გახსნის თარიღი გაწევრიანების თარიღზე არ მოქმედებს და  საქართველო „ათჯერ უფრო წინაა” უკრაინასა და მოლდოვაზე.

„ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტული პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. მაგალითად, უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გაფორმების თაობაზე, DCFTA-ის თაობაზე — ეს, სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს მოხდა, — ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში დავასწარით უკრაინას და მოლდოვას.

ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, მით უმეტეს, იმ მძიმე პროცესების გათვალისწინებით, რაც არის უკრაინაში და გავრცელდა მოლდოვაზეც ეკონომიკური კუთხით. “, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“, მეტწილად „ხალხის ძალის“ გავლით, თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში აწარმოებდა დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის თანახმადაც, არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა  და „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა სურს.

„ოცნება“ ვერ ასახელებს, ვინ მოიაზრება გლობალური ომის პარტიაში. თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ კი ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალა“ იყო მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი