ახალი ამბებიხელოვნება

გამოვლინდნენ პრემია „თავისუფალის” გამარჯვებულები

21 დეკემბერი, 2023 • 2383
გამოვლინდნენ პრემია „თავისუფალის” გამარჯვებულები

18 დეკემბერს გაიმართა პრემიის „თავისუფალი” დაჯილდოების ცერემონიალი. პრემია დაარსდა დამოუკიდებელი თეატრებისა და არტისტების გასაძლიერებლად, მისი მიზანია წაახალისოს პროცესი, რომელიც ძიებებისა და აღმოჩენების გზით განვითარების ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ თეატრალურ ხელოვნებას.

წელს პრემია გაიცა სამ ნომინაციაში: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო სცენოგრაფია.

კონკურსში განაცხადი წარადგინა 21-მა დამოუკიდებელმა თეატრმა და არტისტმა. მათ შორის იყვნენ თეატრები და კომპანიები რეგიონებიდან და ასევე, ემიგრაციაში დაარსებული ქართული თეატრი.

საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა:
  • ბერსერკები I: მისია.
საუკეთესო მსახიობად:
  • ნიკოლოზ ბაქრაძე სპექტაკლში „ფიწალი დისნეი” პრესლის როლის შესრულებისთვის.
საუკეთესო სცენოგრაფია:
  • პრიზი გადაეცა თამრი ოხიკიანს სპექტაკლის „ფიწალი დისნეი” გაფორმებისთვის.
გამარჯვებულებმა ისაუბრეს პრემიის მნიშვნელობასა და ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზე:

„მადლობა პრემიის დამფუძნებლებს და პრიზის შექმნელს, ქეთი ნადიბაიძეს. ვისურვებდი, რომ ვიყოთ თავისუფლები და დამოუკიდებლები ყველა სფეროსა და სტრუქტურაში, ასევე, სახელმწიფო თეატრებშიც, რადგან ხელოვნება არის დამოუკიდებელი და პოლიტიკური”, — თამრი ოხიკიანი.

„ძალიან დიდი მადლობა ჟიურის. ხელოვნება არის პოლიტიკური და დამოუკიდებელი, მადლობა პრემიის დამფუძნებლებს და იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი თავისუფალი პროექტი იარსებებს ხელოვნებაში”, — ნიკოლოზ ბაქრაძე.

ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი” გამარჯვებულს ჯილდო გადასცა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა:

„ყველაფერზე ვილაპარაკეთ გარდა იმისა, რომ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელშიც თითქმის აღარ არის სივრცე, სადაც შეიძლება თავისუფლად ლაპარაკი, თითქმის აღარ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ თავისუფლად ლაპარაკი. ამიტომ, პრემია „თავისუფალი“ შეიძლება იყოს ერთადერთი მაშველი რგოლი, რათა ამ თავისუფლებაზე შევძლოთ ლაპარაკი და გავთავისუფლდეთ, პირდაპირ ვიტყვი, იმ მარწუხებისგან, რომლებიც უხვად არის ზემოდან.

დამფუძნებლების საყურადღებოდ მინდა ვთქვა – ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ და გთხოვთ, ეს პასუხიმგებლობა მიიყვანოთ ბოლომდე. ძალიან ბევრი რამ არის თქვენზე დამოკიდებული, რომ არ შეცვალოთ ისტორია და ყველაფერი სწორად იყოს გაკეთებული. ამიტომაც, თავისთავად – ხელოვნება არის პოლიტიკური, არის თავისუფალი და არის დამოუკიდებელი”, — თქვა რეჟისორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი