ახალი ამბები

სერბეთში მმართველი პარტია არჩევნებს იგებს, ოპოზიცია აქციებს იწყებს

19 დეკემბერი, 2023 • 684
სერბეთში მმართველი პარტია არჩევნებს იგებს, ოპოზიცია აქციებს იწყებს

პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია სერბეთის პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს – ასეთია სერბეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლებსაც ოპოზიცია აპროტესტებს. საერთაშორისო დამკვირვებლები კი დარღვევებზე საუბრობენ.

შედეგები

წინა, 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ [SNS] საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. მართალია, შემდეგი არჩევნები 2027-ში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა. AFP აღნიშნავს, რომ არჩევნები განიხილებოდა, როგორც რეფერენდუმი პრეზიდენტის მმართველობისთვის. იგი თავადაც ამბობდა, რომ მთავარი მიზანი პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებაა.

თუკი სერბეთის ცესკოს ოფიციალურ წინასწარ მონაცემებს დავეყრდნობით, ვუჩიჩის პარტიამ პარლამენტში 250-დან 127 მანდატი მოიპოვა და ყველაზე მეტი ხმა მიიღო დედაქალაქ ბელგრადში. პარლამენტში მემარცხენე-ცენტრისტულმა, ვუჩიჩის მოწინააღმდეგეთა გაერთიანებამ მიიღო ხმათა 23,56%, სერბეთის სოციალისტურმა პარტიამ კი 6,56%.

ვუჩიჩის პარტია ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა. ადგილობრივი ოპოზიცია და რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, Freedom House, მიიჩნევენ, რომ იქიდან მოყოლებული სერბეთში გაუარესდა დემოკრატიული მდგომარეობა. აგრეთვე საუბრობენ კორუფციასა და ავტორიტარიზმისკენ სვლაზე.

წინასწარი შედეგის გამოცხადების შემდეგ, ვუჩიჩს გამარჯვება მიულოცეს მოსკოვსა და ბუდაპეშტში. სერბეთის პრეზიდენტი ცდილობს საგარეო პოლიტიკაში „ბალანსირებას“ და ყველა აქტორთან [აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი] კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას.

„გვაქვს გაყალბების მტკიცებულებები“

ოპოზიცია არ აღიარებს ბელგრადის საქალაქო საბჭოს არჩევნების შედეგებს და მოითხოვს, შედეგები გადაიხედოს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ცესკოს შენობასთან და მას პომიდვრები და კვერცხები დაუშინეს, წერს „როიტერსი“.

ოპოზიციის ლიდერების, მიროსლავ ალექსიჩის და მარინიკა ტეპიჩის განცხადებით, მათ აქვთ გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის და საარჩევნო სიების ფალსიფიკაციის მტკიცებულებებიც. ისინი შიმშილობას აპირებენ იქამდე, სანამ შედეგების გადახედვა არ მოხდება.

„არ შეგვიძლია და არც ვაღიარებთ შედეგებს ბელგრადში… აქ ვართ მტკიცებულებების გადასაცემად… მე და მიროსლავ ალექსიჩი აქ დავრჩებით და შიმშილობას დავიწყებთ“, – უთხრა ტეპიჩმა ჟურნალისტებს.

„უსამართლო პირობები“

საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ნეგატიურად შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.

„საპარლამენტო არჩევნები ტექნიკურად კარგად ჩატარდა და ამომრჩევლებს არჩევანის ალტერნატივა მისცა, თუმცა არჩევნებში დომინირებდა პრეზიდენტის ჩართულობა, რაც მმართველი პარტიის ადმინისტრაციულ უპირატესობასთან ერთად ქმნიდა უსამართლო პირობებს“, – განაცხადა ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა.

დამკვირვებლების ცნობითვე, იყო ადმინისტრაციული რესურსის შეუსაბამოდ გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების, ჟურნალისტთა დევნის და მათზე თავდასხმის ფაქტები.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში „მიუღებლად“ მიიჩნიეს ასეთი არჩევნები ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს და კანდიდატის სტატუსიც აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი