ახალი ამბები

გერმანიიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია გამარტივდება

19 დეკემბერი, 2023 •
გერმანიიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია გამარტივდება

საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი მიგრაციის ხელშეკრულება გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა და საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

„ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შემცირებისკენ. ამ შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გავაფართოებთ უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში“, — განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

გერმანული მხარის ინფორმაციით, მიგრაციის შესახებ შეთანხმება იქნება არალეგალური მიგრაციის შემცირების საფუძველი, გარდა ამისა, ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, გაჩნდება მიზანმიმართული შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების კუთხით და გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით.

საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ გერმანიიდან არ გამოაძევებენ ლეგალურად დასაქმებულებს და სამკურნალოდ მყოფებს, რომელთაც შესაბამისი პროცედურა საქართველოში ვერ უტარდებათ.

„ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა… სამწუხაროდ, ეს ხდება. თორემ ადამიანს, ვინც იქ პატიოსნად მუშაობს და ოფიციალურად გაფორმებულია, არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ასევე, მკურნალობას რაც შეეხება, თუ რაღაც ისეთია, რაც ჩვენთან ვერ კეთდება, გამოძევებაზე საუბარი არ იქნება“, — განაცხადა გომელაურმა.

საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, შსს-ს ცნობით, გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც არალეგალური მიგრაციის, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი