ახალი ამბები

„წადით ფრონტზე და თავად მოკვდით“ – მობილიზებულთა ნათესავები პუტინს მიმართავენ

18 დეკემბერი, 2023 • 1288
„წადით ფრონტზე და თავად მოკვდით“ – მობილიზებულთა ნათესავები პუტინს მიმართავენ

რუსეთში მობილიზებულთა ნათესავები კვლავ მიმართავენ ვლადიმერ პუტინს. მათ ტელეგრამ-არხში გამოაქვეყნეს მობილიზებული ჯარისკაცის, ვორონეჟელი ალექსანდრის მიმართვა პრეზიდენტისდამი.

როგორც „მედუზა“ წერს, ალექსანდრი საუბრობს მობილიზებულთა რთულ მდგომარეობასა და ფრონტზე არსებულ „აუტანელ პირობებზე“ . იგი და სხვა სამხედროები ომის შეწყვეტას უჭერენ მხარს.

ალექსანდრის მიმართვასთან ერთად, პოსტში მობილიზებულთა ნათესავები მწვავედ აკრიტიკებენ პუტინს.

„სადამდე მიიყვანეთ ხალხი… ჩვენ, რუსეთის მოქალაქეებს, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში იმედი აღარ გვაქვს. დაამთავრეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, დაჯექით მოლაპარაკების მაგიდაზე. რის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია [მოსკოვის ოფიციალურად გაცხადებული მიზეზები ომისთვის]? თავად მაინც გესმით, რის შესახებ საუბრობთ? ყოველ ჯერზე, როცა ამ სიტყვებს წარმოთქვამთ, ხალხი იღუპება. მოგვეცით საშუალება, წყნარად ვიცხოვროთ. ან წადით ფრონტზე და თავად მოკვდით“, – ვკითხულობთ პოსტში.

ამავე ჯგუფში პუტინისდამი მიმართვა აქამდეც გამოქვეყნდა. მაშინ საუბრობდნენ, რომ ხელისუფლებამ მოატყუა ხალხი მობილიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა ხაზს უსვამდნენ, რომ ქვეყანაში სიტუაციის არევა არ სურდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი