ახალი ამბები

სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატზე იძალადა – პროკურატურა

14 დეკემბერი, 2023 • 2193
სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატზე იძალადა – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატზე იძალადა. მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც არასრულწლოვანია, ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა.

ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს და უახლოეს პერიოდში მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ძალადობას გულისხმობს. გარდა ამისა, არასრულწლოვანს დამატებით წარედგინა ბრალი იმავე მუხლის მე-2 ნაწილითაც, რაც ამ ტიპის საქმესთან დაკავშირებით მუქარას გულისხმობს.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას საქმეში ჩართული სხვა პირების შესაძლო დანაშაულის გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი