ახალი ამბები

ომბუდსმენი თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

10 დეკემბერი, 2023 • 925
ომბუდსმენი თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ.

„ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

„სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის — დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას — მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. ამ ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო
დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს“, — აცხადებს ლევან იოსელიანი და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

9 დეკემბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი