ახალი ამბები

„ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ – ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გამაირთა

8 დეკემბერი, 2023 • 1113
„ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ – ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გამაირთა

კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობამ სამხრეთ კავკასიაში (KAS) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა ევროკავშირის მხარდაჭერილი ახალი პროექტის — “ერთიანი საქართველო ევროპისთვის” პრეზენტაცია გამართეს.

„ჩვენი ფონდი მზადაა მხარი დაუჭიროს  საქართველოს მის ევროპულ გზაზე სვლაში,  დავეხმაროთ იყოს ერთიანი და დაძლიოს დაპირისპირება. ეს არის ჩვენი ახალი პროექტის მთავარი მიზანი“, – განაცხადა ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შტეფან მალერიუსიმ. 

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატების და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიციირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.

“საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი უკვე თითქმის 30 წელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეს ემსახურება. ეს ის ფასეულობებია, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან გვაერთიანებს და რომელთა განსამტკიცებლად საქართველოში არაერთი თაობა იბრძოდა. ევროკავშირი ამ გზაზე ყოველთვის გვერდში ედგა ქართულ საზოგადოებას და ახლაც ამ პროექტით გვაძლევს შესაძლებლობას, გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთო მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა “ღია საზოგადოების ფონდის” ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა პრეზენტაციაზე. 

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან (IJH) ერთად ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტის კონსორციუმში შედიან კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • დამოუკიდებელი მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი ანალიტიკური მოხსენებების მომზადება სახელმწიფო და ევროპულ პოლიტიკაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდასაჭერად;
  • ექსპერტთა დისკუსიებისა და დებატების ორგანიზება ევროპულ ინტეგრაციაზე – ევროპის კვლევითი და სამეცნიერო ცენტრების მონაწილეობით; საგანგებოდ შექმნილი კერძო და საჯარო სექტორების თემატური სამუშაო ჯგუფების ჩართულობით;
  • კოალიციების და ქსელების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით – „ევროპული ინტეგრაციის რეგიონული სამოქალაქო საბჭოების“ და „ევროპული ინტეგრაციის მედიაკოალიციის ჩამოყალიბება“;
  • ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება; თემატური ტრენინგები (ToT) მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და სოციალური მედიის გავლენიანი მომხმარებლებისთვის;
  • ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (პრიორიტეტით ადგილობრივ ორგანიზაციებზე) იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ახალისებენ და ხელს უწყობენ;
  • იურიდიული დახმარების რეგიონული ბიუროების გახსნა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იურიდიული დახმარების გასაწევად;
  • საქართველოს სკოლებში ევროპის შესახებ ლექციების ჩატარება და ევროპული ახალგაზრდული ბანაკების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებისთვის; ახალგაზრდების ინოვაციური იდეების მხარდაჭერა;
  • მედიაპროდუქტების მომზადება კრეატიული სააგენტოების, მარკეტინგული და საკომუნიკაციო კომპანიების ჩართულობით;
  • ევროკავშირის საინფორმაციო ავტობუსისა და კარდაკარის კამპანიის ორგანიზება საქართველოს გარშემო;
  • მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე – ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფის (სამოქალაქო საზოგადოება, მედია, კერძო სექტორი, გადაწყვეტილების მიმღებები, საერთაშორისო პარტნიორები) ერთმანეთთან დაკავშირება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად და ა.შ.

პროექტის პრეზენტაციაზე სტუმრებს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მიძღვნილი გამოფენაც შესთავაზეს:

“გადავწყვიტეთ ამ დღისთვის დამატებითი დატვირთვა მიგვეცა და ის გამოგვეყენებინა გამოფენისთვის, რომელსაც  საფუძვლად უდევს აზრი, იდეა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზანია – ეს ევროკავშირში ინტეგრაციაა”, – ამბობს კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე და დასძენს: 

“მომავალი 33 თვის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ პროცესის დამაჩქარებელ ძალად ვაქციოთ, თვისებრივად გავზარდოთ ამ პროცესში ჩვენი თანამოქალაქეების დემოკრატიული ჩართულობის ხარისხი. 

ჩვენ შევეცდებით გავაერთიანოთ სხვადასხვა პროფესიის საქართველოს მოქალაქეების, ახალგაზრდების, ბიზნესის, აკადემიური წრეების თუ იურისტების ძალისხმევა – ყველას ძალისხმევა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაცია. დადგა დრო, ევროპის სხვა ერებს შორის ადგილდამკვიდრებული, დემოკრატიული, პროგრესული და თანამედროვე საქართველო გავაცოცხლოთ (დავიბრუნოთ). 

პროექტის საერთო ბიუჯეტი 3,099,837.08 ევროა, მისი ხანგრძლივობა კი 33 თვე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი