ახალი ამბები

ამბროლაურის საკრებულოში ენმ-ის სამივე წევრმა პარტია დატოვა

8 დეკემბერი, 2023 • 1231
ამბროლაურის საკრებულოში ენმ-ის სამივე წევრმა პარტია დატოვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამივე წევრი პარტიას ტოვებს.

საკრებულოს წევრების თქმით, ტოვებენ „კეზერაშვილის პირად პარტიას“ და ნიკა მელიას გუნდს უერთდებიან:

„არ ვნანობთ გასულ წლებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ვემსახურებოდით სიმართლეს და არასდროს გვიღალატია პრინციპებისთვის. ვნანობთ დაკარგულ ბოლო თვეებს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ბინძური მეთოდებით მიითვისეს აღზევებულმა მდაბიოებმა, ათას პარტიაზე გადამხტარმა ვაჭრებმა გამიზნულად ყველაფერი გააკეთეს პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის.

ვტოვებთ უსამართლობას და მორალურად წელში გამართულები ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ – მართალ და წესიერ ხალხთან ერთად. სიმართლეს დიდი ძალა აქვს და, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გაიმარჯვებს!
ჩვენთან ერთად ადგილობრივი ორგანიზაციის ძირითადი ბირთვიც უერთდება ნიკა მელიას გუნდს“ ,— აცხადებენ ამბროლაურის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის უკვე ყოფილი წევრები- ამირან ლომთაძე, ბაქარ გობეჯიშვილი და ანა გურგენიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ნიკა მელიამ გუშინ, 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ბრიფინგზე გააკეთა მინიშნებები ენმ-ში ფულით მოპოვებულ არაფორმალურ გავლენებზე, აღნიშნა, რომ თავად უპირისპირდებოდა ამ პროცესს, თუმცა- უშედეგოდ.

ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ენმ-ის წევრების მიერ სხვადასხვა ქალაქის საკრებულოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის და რიგების დატოვება. მათ შორის ფრაქცია დატოვეს ენმ-ის დეპუტატებმა ახალციხის, კასპის, ხობის, ჭიათურის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში.

პარტიის წევრების ნაწილი, რომლებმაც ენმ დატოვეს, აცხადებდნენ, რომ პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მიდიან და არ გამორიცხავენ, რომ მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.

საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური, წარსულში კი მმართველი პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უკვე თვეებია, შიდა კონფლიქტის პირობებში მოქმედებს. წაიკითხეთ ამ თემაზე სტატია:

კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ | მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი