ახალი ამბები

„ქალაქსაც დაეტყო“ – უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა

4 დეკემბერი, 2023 • 1520
„ქალაქსაც დაეტყო“ – უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა, რომლის რეაბილიტაციაც ივნისიდან მიმდინარეობდა, ორმხრივად გაიხსნა საავტომობილო მოძრაობისთვის, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულიად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელთა ცუდი მდგომარეობის გამოც დიდი პრობლემები არსებობდა როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის.

„საგზაო ინფრასტრუქტურა დამთავრებულია. ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდება. ქალაქსაც დაეტყო, გვახსოვს, დილით, როგორი საცობები იყო აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვის გამო, პრობლემა იყო გადაადგილების თვალსაზრისით. დარჩენილი არის კონკრეტულ ადგილებში ტროტუარების მოწესრიგება. პარალელურად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ერთ კვირაში ეს სამუშაოები იქნება დამთავრებული. ამდენი ლოდინის შემდეგ, რაც პრობლემები იყო გადაადგილების თვალსაზრისით, უდიდესი დისკომფორტი, რომელიც იქნებოდა, დღეიდან მოხსნილი იქნება“, – თქვა მერმა.

კალაძის გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმადვე, რეაბილიტირებულ ქუჩაზე არ არის მოწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი [BusLane].

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა. მერია აცხადებდა, რომ ქუჩის რეაბილიტაციაზე 17 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი