ახალი ამბები

უკრაინამ რუსეთ-ჩინეთის დამაკავშირებელ რკინიგზაზე აფეთქება მოაწყო – მედია

30 ნოემბერი, 2023 • 2024
უკრაინამ რუსეთ-ჩინეთის დამაკავშირებელ რკინიგზაზე აფეთქება მოაწყო – მედია

30 ნოემბრის ღამეს რუსეთ-ჩინეთის „ერთადერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის“ მონაკვეთი უკრაინის უშიშროების სამსახურის [სბუ] ოპერაციის შედეგად ააფეთქეს, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ ძალოვან სტრუქტურაში თავის წყაროზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემის წყარო ამბობს, ამ სარკინიგზო მაგისტრალს რუსეთ სამხედრო ტვირთების მისაღებადაც იყენებს. თუმცა ამჟამად გზა პარალიზებულია.

„[მაგისტრალზე] სატვირთო მატარებლის გადაადგილებისას ოთხმა ასაფეთქებელმა იმუშავა. ახლა ადგილზე მუშაობენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ფსბ] და რკინიგზის თანამშრომლები, ცდილობენ სპეცოპერაციის შედეგების მინიმიზირებას“, – ეუბნება გამოცემას მათი წყარო.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია უკრაინული მხარის მიერ არაა დადასტურებული. რაც შეეხება რუსული მხარის პოზიციას, აღმოსავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურის ცნობით, გვირაბში მოძრაობისას მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალებზე პროკურატურა ჯერ არ საუბრობს.


უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთში სხვადასხვა დივერსიული აქტები რეგულარულად ხდება. უკრაინის ხელისუფლება ოფიციალურად მათში მონაწილეობას, როგორც წესი, არ ადასტურებს.


გარეკანის ფოტოზე: გვირაბი, რომელშიც აფეთქება მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი