ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე განკარგულებები არ ქვეყნდება, რაც კორუფციის რისკს ზრდის — TI

29 ნოემბერი, 2023 • 1220
სახელმწიფო ქონების პრივატიზებაზე განკარგულებები არ ქვეყნდება, რაც კორუფციის რისკს ზრდის — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკვე მესამე წელია მთავრობა მიღებულ განკარგულებებს არ აქვეყნებს, რის გამოც უცნობია, ვის რა ქონება და რა პირობებით გადაეცემა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ყოველ ორშაბათს საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს, რა სახელმწიფო ქონება გადასცეს პირდაპირი პრივატიზაციის წესით ამა თუ იმ კომპანიას ან ფიზიკურ პირს, თუმცა განკარგულებების გამოუქვეყნებლობის გამო ცნობილი არ ხდება, ვის როგორ შეუმსუბუქდა საინვესტიციო პირობა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია, რის გამოც ამ სფეროში გამჭვირვალობის არარსებობა დაუშვებელია.

TI-ს განცხადებით, მთავრობის 2023 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე, განსახილველი 9 საკითხიდან 5 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას შეეხებოდა, რომელთაგან 4 გარკვეულ კითხვებს აჩენს:

1. ანონიმური პრივატიზება

ორგანიზაციის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორის იყო პრივატიზების გადაწყვეტილება, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი: არც საპრივატიზებო ქონების აღწერა, არც ქონების მიმღები პირის ვინაობა და არც პირობები.

2. შპს “დიღომი ჰესი”

კიდევ ერთი განკარგულება, რომელზეც ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, მთავრობამ 20 ნოემბერს  მიიღო და  შპს “დიღომი ჰესს” აღნაგობის უფლებით გადაეცა სახელმწიფო ქონება, რომლის აღწერა და პრივატიზების პირობები უცნობია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შპს “დიღომი ჰესის” მეწილე და დირექტორი ტარიელ გიორგაძე ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია – მან პარტიას 60 000 ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესწირა.

3. ფიზიკური პირი ვალერიან ნარიმანიძე

ამასთან, TI -ს თქმით, 20 ნოემბერს მთავრობამ გადაწყვიტა გაატაროს გარკვეული ღონისძიებები ფიზიკურ პირ ვალერიან ნარიმანიძის საქმიანობის ხელშესაწყობად. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უცნობია, რა ღონისძიებები იგულისხმება, რადგან შესაბამისი განკარგულება არ გამოქვეყნებულა. თუმცა, როგორც წესი, ასეთი განკარგულებები გულისხმობს დაკისრებული ვალდებულებების არშესრულების პატიებას ანდა გადახედვას.

„ამ კონტექსტში საყურადღებოა, რომ მთავრობის 2019 წლის განკარგულებით, ვალერიან ნარიმანიძეს წლიური 5 050 ლარის სანაცვლოდ 25 წლით იჯარით გადაეცა 1 467 კვ.მ მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც საპრივატიზაციო პირობად 2 წლის განმავლობაში 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტურისტული ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა იყო ჩადებული“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI მიიჩნევს, რომ შესაბამისი განკარგულების გასაჯაროება აუცილებელია, რათა ცნობილი გახდეს, რა იგულისხმება საქმიანობის ხელშეწყობაში და პატიობს თუ არა სახელმწიფო რაიმე შეუსრულებელ ვალდებულებას ვალერიან ნარიმანიძეს.

4. შპს “რეზო კვარაცხელია”

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაიხედება შპს “რეზო კვარაცხელიას” მიმართ არსებული პრივატიზების პირობები, თუმცა დეტალები,  ორგანიზაციის თქმით, ამჯერადაც უცნობი რჩება.

TI-ს თქმით, შპს “რეზო კვარაცხელიას” სახელმწიფო ქონება – 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი – ჯერ კიდევ 2012 წელს გადაეცა, თუმცა 2018 წელს ქონება კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა, 2023 წლის 20 ნოემბერს კი, ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა კომპანიას გარკვეული, საზოგადოებისთვის უცნობი, შეღავათი შესთავაზოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობს მოთხოვნების შესაბამისად და უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი