ახალი ამბები

„ლელო“ დარჩიაშვილს მოუწოდებს, უარი თქვას ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე

29 ნოემბერი, 2023 • 872
„ლელო“ დარჩიაშვილს მოუწოდებს, უარი თქვას ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე

„ლელო“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უარი განაცხადოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ერთად ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობაზე.

„მაშინ, როდესაც რუსული ოკუპაციის გამოცდილების მქონე ცივილიზებული სახელმწიფოები მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო რეპუტაციის სპობას“, — განაცხადა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ დღეს, 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

გეგელიამ გაიხსენა ჩინეთში „სარტყელი და გზის“ ფორუმის ფარგლებში გამართული მიღება, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართა და რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა.

„დღეს იგივე ხელისუფლება აპირებს, დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი. საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ ამცნოს საზოგადოებას, აპირებს თუ არა დაესწროს სხდომას ოკუპანტ ლავროვთან ერთად. კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიბაძონ ჩვენი ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე. ოკუპანტ ლავროვის გვერდით ჯდომა ღირსების შემლახველია“, — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს სკოპიეში იმართება. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისის სახით, ბულგარეთმა ნებართვა მისცა ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გამოსაყენებლად. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს იქნება სანქცირებული ლავროვის პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში.

უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ეუთოს მინისტერიალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის მოსალოდნელი დასწრების გამო.

ლავროვს EU-ს საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცეს

ლავროვს EU-ს საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი