ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია — სუსი

28 ნოემბერი, 2023 •
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია — სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უწყების განცხადებით, ვასიკო ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.
სუს-ში აღნიშნავენ, რომ უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე. ამასთან, უწყების განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“ ,— აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი