უკრაინის ხელისუფლება მობილიზაციისადმი მიდგომის შეცვლას გეგმავს, იტყობინება „გარდიანი“. გამოცემის ცნობით, რუსეთთან ომში საბრძოლველად ადამიანთა მობილიზაციამ „მიზნობრივი და მოქნილი“ ხასიათი უნდა მიიღოს.
ახალი მიდგომა საჯარო ამ კვირაში უნდა გახდეს და მობილიზაციის პროცესში არა მარტო სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორიც ჩაერთვება. კერძოდ, უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც რრეკრუტირებაში არიან ჩართული, მოძებნიან მოქალაქეებს კონკრეტული უნარ-ჩვევებით. ისინი სხვადასხვა ამოცანებს შეასრულებენ შეიარაღებულ ძალებში, თუმცა უშუალოდ ფრონტზე არ გაიგზავნებიან. „გარდიანის“ ცნობით, ამის შესახებ მათ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა.
თუმცა მიდგომების შეცვლის შესახებ ღიად საუბრობს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი.
„ზოგ ადამიანს ეშინია სიკვდილის, ან სროლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვა საქმეს ვერ გააკეთებენ. ახლა ახალი [თავდაცვის] მინისტრი [რუსტემ უმეროვი] გვყავს, ახალი მიდგომით“, – ციტირებს „გარდიანი“ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივან ოლექსი დანილოვს.
უმეროვმა მინისტრის პოსტი სექტემბერში დაიკავა და ოლექსი რეზნიკოვი ჩაანაცვლა. პარასკევს, 24 ნოემბერს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემდეგ კვირას უმეროვისგან მობილიზაციის ახალ პოლიტიკას ელოდა. „გეგმა შემუშავდება და ყველაფერზე პასუხი იქ იქნება გაცემული. შემდეგ კვირას ამ გეგმას წარმომიდგენენ“, – განაცხადა ზელენსკიმ, თუმცა, დეტალების შესახებ არ უსაუბრია.
„მობილიზაცია უფრო მოქნილი გახდება. გამოცხადდება, რა სპეციალისტები გვჭირდება. მაგალითად, გვჭირდება მექანიკოსები, ზეინკლები და ასე შემდეგ“, – აღნიშნავს დანილოვი.
აღნიშნული კომპანიების პროცესში მონაწილეობას და მათთან კონტრაქტების გაფორმების ფაქტს „გარდიანს“ უდასტურებს უკრაინელი მაღალჩინოსანი, თუმცა დეტალებზე არც ის საუბრობს – ამ ეტაპზე უცნობია, როგორი იქნება მათი როლი ამ პროცესში.
უშიშროების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ მობილიზაციის მხრივ მართლაც არსებობს პრობლემები. 17 ნოემბერს „ბი-ბი-სი“ წერდა, რომ 20 000-მა კაცმა მობილიზაციისგან თავის ასარიდებლად ქვეყანა დატოვა. აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია კომისარიატებში გავრცელებულ კორუფციაზე – გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყალბი ცნობების მიღებაზე, რომელთა წყალობითაც კაცებზე აღარ გავრცელდება სამხედრო ვალდებულება.
თუმცა, როგორც დანილოვი აღნიშნავს, უკრაინაში მობილიზაციის პრობლემის მასშტაბს რუსული პროპაგანდა აზვიადებს.
