ახალი ამბები

უხერხულია, როცა საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს გინტურზე რეზოლუციის განხილვაზე – აქუბარდია

24 ნოემბერი, 2023 • 1111
უხერხულია, როცა საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს გინტურზე რეზოლუციის განხილვაზე – აქუბარდია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, უხერხულია, როცა საქართველოს პარლამენტი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს არ განიხილავს მაშინ, როცა ამ საკითზე ევროპარლამენტმა უკვე რეზოლუცია მიიღო.

აქუბარდიამ მოითხოვა, რომ რეზოლუციის პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღის წესრიგში ჩაესვათ, რომელიც დღეს, 24 ნოემბერს, უნდა გაიმართოს, ვინაიდან პარლამენტის ბიურომ რეზოლუციის პროექტი სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადასცა.

„რამდენადაც ბიურომ ეს საკითხის [რეზოლუციის პროექტი] თქვენს კომიტეტს გადასცა და დღის წესრიგში არ არის, მოგმართავთ თხოვნით, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მოხვდეს. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, როცა საქართველო პარლამენტი, ამ შემთხვევაში თქვენი პოლიტიკური გუნდი, უარს ამბობს ამ საკითხის განხილვაზე. მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციისა და იმისა, რომ ძალიან ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, გვევალება თანხმობა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.

შესაბამისად, გთხოვთ, ეს საკითხი დღის წესრიგში ჩავსვათ. თუ საკითხის განხილვა არ ხდება, გთხოვთ განგვიმარტოთ, რატომ არის პრობლემა რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც მეორე ფრონტის გახსნას არ ითხოვს, არამედ ითხოვს ჩვენი მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას. მით უფრო, როცა მთავრობის დადგენილებით საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავეების სია არსებობს და მხოლოდ სიის გაფართოებაზე რომ მოუწოდოს პარლამენტმა მთავრობას“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას პასუხად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კომიტეტის დღის წესრიგში საკითხის დამატებას თავის პროცედურა აქვს. მისი თქმით, მანიპულაციურია განცხადება, რომ თითქოს ვინმე რეზოლუციის პროექტის განხილვაზე უარს ამბობდეს.

მისი თქმით, რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, თუმცა, პროცედურების დაცვით.

„თქვენც იცით, რომ ეს მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განსახილველი საკითხი არ არის, არა – ფორმალურად, არამედ მასში ჩართული უნდა იყოს მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, ასევე სხვა კომიტეტების კომპეტენციას ეხება. იცით, რომ ფორმალურად ეს ერთ კომიტეტს ეწერება, მაგრამ ამას სჭირდება კონსულტაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან, თავდაცვის კომიტეტთან… არაერთი კომიტეტია რელევანტური, რომელთანაც საკითხი გასავლელია.

სამწუხაროდ, როდესაც თქვენა ამას აინიცირებდით, არ გქონიათ არც სურვილი, არც გადაწყვეტილება, რომ ამაზე ვინმესთან წინასწარ კონსულტაციები გაგემართათ, რაც კარგი იქნებოდა, მათ შორის ტექსტობრივად რომ გაგვევლო და ასე მიგვეღო. ამიტომ, როცა თქვენ არ შეიწუხეთ თავი, რომ ამაზე ვინმესთან გესაუბრათ, ისე დააინიცირეთ, და ახლა ვინმეს საყვედურს ეუბნებით და არასწორად ამბობთ, რომ თითქოს ვინმე უარს ამბობს ამის განხილვაზე, ამის არც საფუძველი გაქვთ და უფლება“, – განმარტა სარჯველაძემ აქუბარდიას პასუხად.


საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანას ითვალისწინებს. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს, აღნიშნული სია საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყენოს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების სახელების შეყვანას თვალისწინებს.

კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნების“ პრინციპული პოზიციაა, რომ მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის არცერთ დოკუმენტს, რომელიც ოკუპაციასა და საგარეო პოლიტიკას ეხება.

ამასთან, 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ. რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა 495-მა დეპუტატმა, 7 იყო წინააღმდეგი, 50-ს პოზიცია არ დაუფიქსირებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი