ახალი ამბები

Guns N’ Roses ლიდერს სექსუალური ძალადობის გამო სასამართლოში უჩივლეს

23 ნოემბერი, 2023 • 1162
Guns N’ Roses ლიდერს სექსუალური ძალადობის გამო სასამართლოში უჩივლეს

Guns N’ Roses-ის წამყვანი ვოკალისტი აქსელ როუზი სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული და მის წინააღმდეგ სარჩელია აღძრული.

80-90-იან წლებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, აწ უკვე ლეგენდარულ ამერიკელ როკ-მუსიკოსს ყოფილი მოდელი, შეილა კენედი 1989 წელს მომხდარი სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის გამო უჩივის.

როგორც BBC იტყობინება, შეილა კენედის თქმით, როკ-ვარსკვლავი მას ნიუ-იორკში, სასტუმროს ნომერში დაესხა თავს. მომხდარის შემდეგ, როგორც სარჩელშია აღნიშნული, კენედის შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს. იგი მუსიკოსისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, მისმა ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს, რომ საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა იმსჯელონ.

კენედის სარჩელი ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში დღეებით ადრე შევიდა, სანამ ძალას დაკარგავდა კანონი, რომელიც საშუალებას აძლევდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს, თავდამსხმელებისთვის ეჩივლათ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაშიც კი.

BBC აღნიშნავს, რომ აქსელ როუზის წარმომადგენლებმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მათთან არ ისურვეს.

როგორც BBC წერს, სარჩელის მიხედვით, კენედი 26 წლის იყო, როცა 1989 წელს აქსელ როუზი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში გაიცნო. როუზმა კენედი სხვა მოდელთან ერთად სასტუმროს ნომერში მიიპატიჟა, სადაც მათ წვეულება, ალკოჰოლი და ნარკოტიკები ელოდათ. შეილა კენედი ამის წინააღმდეგი არ ყოფილა და, როგორც საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, აქსელ როუზმა დანახვისთანავე მიიზიდა და მასთან დროის გატარება თავადაც უნდოდა. თუმცა ღამის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. როგორც სარჩელშია აღნიშნული, რამდენიმე საათის შემდეგ აქსელ როუზი კენედის სასტუმროს ნომერში ფიზიკურად გაუსწორდა და მასზე სექსუალურად იძალადა.

სარჩელში აღწერილია, როგორ გახდა კენედი აქსელ როუზსა და მეორე მოდელს შორის სექსუალური კავშირის მოწმე, რომელიც მისი შეფასებით, აგრესიული და ქალისთვის მტკივნეული იყო; როგორ ათრია თმით მუსიკოსმა კენედი ოთახში,  უკვე დასისხლიანებულს არ მისცა ნომრის დატოვების უფლება და მასზე სექსუალურად იძალადა.

შეილა კენედის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი აღნიშნავს, რომ მუსიკალური ინდუსტრია უხვად იყო გაჯერებული მსგავსი ფაქტებით და შეილა კენედის “გამბედაობა დანარჩენ მსხვერპლებს დაეხმარება, რომ ხმა აიმაღლონ”.

მომხდარის შესახებ შეილა კენედიმ პირველად 2016 წელს გამოსულ ავტობიოგრაფიულ წიგნში ისაუბრა, შემდეგ კი, 2021 წელს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში მომხდარ ძალადობებს აღწერს.

აქსელ როუზი ძალადობრივი ქმედებებში პირველად არ დაუდანაშაულებიათ. 1994 წელს საჯაროდ, პრესის ფურცლებიდან დასდეს მას ბრალი ფიზიკურ ძალადობაში ყოფილმა პარტნიორებმა, ერინ ევერლიმ და სტეფანი სეიმურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი