ახალი ამბები

ენმ 11-პუნქტიან მანიფესტს აქვეყნებს

22 ნოემბერი, 2023 • 1280
ენმ 11-პუნქტიან მანიფესტს აქვეყნებს

„ნაციონალური მოძრაობა“ 11- პუნქტიან მანიფესტს აქვეყნებს, რომელსაც 23 ნოემბრის შეკრებაზე უნდა მოეწეროს ხელი.

მანიფესტში წერია, რომ დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს“. ნათქვამია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს პარტია ენმ-ის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას, იმავდროულად, პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა.

ენმ-ის მანიფესტის შედგება შემდგი 11 პუნქტისგან:

  1. „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგია ეფუძნება ქართველი ხალხის ძალისა და ბრძოლისუნარიანობის უსაზღვრო რწმენას და ევროპული კურსის ურყეობას;
  2. თითოეული ადამიანი პატივს სცემს სხვის უფლებებსა და თავისუფლებებს. თავისუფლება ეროვნული სიძლიერის წყაროა. პარტიებიც და ხელისუფლებაც საზოგადოების ინსტრუმენტია თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობისა და დაცულობის მისაღწევად და არა პირიქით;
  3. სახელმწიფო მუშაობს მთელი ხალხისთვის და არა პრივილეგირებული მცირე ჯგუფისთვის. კორუფცია და ნეპოტიზმი ჩანაცვლდება მერიტოკრატიით. ე.ი. შედეგი მიიღწევა შრომით და ნიჭიერებით. ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი კარიერის განვითარება და წარმატების მიღწევა საკუთარ სამშობლოში და თითოეული ადამიანის პოზიციას, ხმას და ბედს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება;
  4. თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობის, რასის, სარწმუნოების, ასაკისა და სქესისა;
  5. ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეთა კეთილდღეობის მტერი. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც ანადგურებს ერის ბუნებრივ სტრუქტურას, ლამობს ქართული მებრძოლი სულის ჩანაცვლებას — უმწეობისა და მონობის სულისკვეთებით. ახლავე თუ არ გავთავისუფლდით მისი მარწუხებისგან, საქართველო შეიძლება გაქრეს, ამიტომ ჩვენ სისტემაზე ტოტალურ შეტევას განვახორციელებთ;
  6. საქართველოს განვითარების გზა უკლებლივ ყველა რეგიონის წინსვლაზე გადის;
  7. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი;
  8. სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას;
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას;
  10. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არცერთმა თაობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამისთვის პენსიონერებს, ათწლეულების განმავლობაში, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კარგი პენსიით და თუ გადაწყვეტენ, მუშაობითაც იცხოვრონ ღირსეულად, რათა ისინი არ იმყოფებოდნენ მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში. ამასთანავე, მომავალ თაობებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება ყველა დონეზე, პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციების გარეშე;
  11. პარტიის ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება პარტიის წევრების უშუალო ჩართულობას. პარტიის ყველა ორგანოს და საარჩევნო სიების შედგენა, ისევე როგორც მთავრობის წევრების კანდიდატურების დამტკიცება, უნდა ხდებოდეს პარტიის წევრების კენჭისყრის გზით.

აღნიშნულ მანიფესტზე ხელმოწერით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ერთიანდებიან საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისგან გასათავისუფლებლად.

„ვარდების რევოლუციის“ ლიდერის, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა კრავს და აძლიერებს პარტიას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ღია ისეთი შიდაპარტიული პასუხისმგებლიანი დისკუსიებისთვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის პატივისცემას, მიმართულია პარტიის გაძლიერებისაკენ და რომლის მიზანიც არ არის პარტიაზე და მის მმართველობით ორგანოებზე თავდასხმა და მათი დასუსტება. ჩვენ ვთანხმდებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული, სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები“, — ნათქვამია მანიფესტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ფართო ლეგიტიმაციის მმართველობითი ორგანოებით, ემზადება საქართველოსთვის გადამწყვეტ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად.

„ჩვენ ასევე სრულიად მივესალმებით პარტიულ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე ჯანსაღ, ცოცხალ პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლები, პარტიის ფუნქციონირების ზემოთ აღნიშნული პრინციპების დაცვით, გადაინაწილებენ მეტ პასუხისმგებლობას როგორც პოლიტიკური საბჭოს, ისე პარტიის მმართველობის სხვა რგოლებში. ამ მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდაპარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ”, — ნათქვამია ენმ-ის მანიფესტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი