ახალი ამბები

საქსტატი: საქართველოს ნავსადგურებმა მესამე კვარტალში 70.4%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღეს

20 ნოემბერი, 2023 • 1314
საქსტატი: საქართველოს ნავსადგურებმა მესამე კვარტალში 70.4%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4191 გემი, რომელთა 32.9 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.9 პროცენტი – კონტეინერმზიდი, 28.4 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 9.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება.

უწყების ცნობით, ამავე პერიოდში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 70.4 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 1.7 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი, 23.8 პროცენტით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15.4 პროცენტით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.5 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.0 პროცენტი – ლიბერიის, 15.0 პროცენტი – პანამის, 7.6 პროცენტი – მალტის, 6.0 პროცენტი – ვანუატუს, 4.3 პროცენტი – ბარბადოსის, 4.1 პროცენტი – ბულგარეთის, ხოლო 30.5 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

ამასთან, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3548.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 29.5 პროცენტი – თხევადი ტვირთი, 26.9 პროცენტი – ნაყარი ტვირთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი